გაჭიანურების დაძლევა

 

ახლავე ვიზამ! – ანუ როგორ დავძლიოთ პროკრასტინაცია?

რაკი ამ ბლოგს კითხულობ, ალბათ, ერთხელ მაინც განგიცდია სტრესი და დანაშაულის გრძნობა ბოლო წუთამდე მიყვანილი საქმის გამო. შენთვის 10 რჩევა გვაქვს, რომელიც დედლაინებთან გამკლავებაში დაგეხმარება. 
მანამდე, „პროკრასტინაცია“ განვმარტოთ – საქმის გაკეთების ან გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება. პროკრასტინირებ, მაშასადამე არ აკეთებ ერთ კონკრეტულ საქმეს და სანაცვლოდ სხვა რამით ხარ დაკავებული, მაგალითად, ათვალიერებ სოციალურ მედიას, უყურებ სერიალს ან სრულიად სხვა საქმეს აგვარებ. 
1, 2, 3... დავიწყეთ!

ზოგჯერ გვეშინია, რომ საქმე იდეალურად არ გამოგვივა და საერთოდ არ ვიწყებთ. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება მივცეთ
  • შეგიძლიათ, შექმნათ ე.წ დაწყების რიტუალები. მაგალითად, უთხარით თქვენს თავს, რომ 10-დან 0-მდე უკუთვლის შემდეგ დაიწყებთ დავალების შესრულებას. 
  • განსაზღვრეთ ყველაზე პატარა ნაბიჯი, რომლითაც დავალების შესრულებას დაიწყებთ და საქმეს შეუდექით. მაგალითად, თუ უნივერსიტეტისთვის ესეი გაქვთ დასაწერი, შეგიძლიათ, დაიწყოთ მხოლოდ ერთი წინადადების დაწერით. რა თქმა უნდა, თავიდანვე გასაოცარი არ იქნება, თუმცა მთავარია, რომ დაიწყეთ. 
2. კარგად დააზუსტე, რას აკეთებ

საქმეების გადადების მიზეზი ხშირად გაურკვევლობა ხდება. ალბათ, აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როდესაც უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ ლექტორს არანაირი ინსტრუქცია არ გამოუგზავნია ან თუნდაც სამსახურში ყოფილა ბუნდოვანი რას ითხოვს თქვენგან უფროსი. ამ დროს დიდი შანსია, რომ არაფერს გააკეთებთ - პროკრასტინაცია გაიმარჯვებს.

ამის შესაჩერებლად, როცა ინსტრუქცია არ იქნება გასაგები, უბრალოდ კითხვები უნდა დავსვათ და დეტალები დავაკონკრეტებინოთ კურსელებს, თანამშრომლებს, ლექტორს, დამკვეთს თუ მენეჯერს. 
3. ალტერნატივა: არაფერი

საქმის მუდამ გადადების ჩვევის დასამარცხებლად, მწერალი რეიმონდ ჩენდლერი იყენებდა თავისივე ტექნიკას „ალტერნატივა: არაფერი“. წესები მარტივია: ან საქმეს უნდა მიხედოთ, ან არაფერი არ გააკეთოთ. არც სოციალური მედია შეამოწმოთ, არც წიგნი გადაფურცლოთ. საერთოდ არაფერი.

ამ ორი წესის დაცვით რაღაც ეტაპზე თქვენ დაიწყებთ საქმის კეთებას - სხვა თუ არაფერი, უმოქმედობა მოგწყინდებათ!
 4. „გზა ნაბიჯით დაილევაო“, ანუ დაყავი საქმე მართვად საფეხურებად

დიდ პროექტებთან გამკლავება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომითაა შესაძლებელი. 

მაგალითი განვიხილოთ: თუ თქვენი დავალებაა კვლევითი ნაშრომის დაწერა, შეგიძლიათ, მისი შესრულება ეტაპებად დაყოთ: 1. თემის არჩევა; 2. წყაროების მოძიება; 3. კვლევების ნახვა; 4. სათაურის მოფიქრება; 5. შესავლის დაწერა 6. არგუმენტების მოფიქრება 7. თავების დაწერა 8. გადახედვა. 
5. გადადე თვითონ პროკრასტინაცია 10 წამით

ვთქვათ, გინდათ ფეისბუქის, ინსტაგრამის ან ტიკტოკის შემოწმება. დაითვალეთ, პირობითად, 10-მდე. თუ სოციალურ ქსელებში შესვლას გადაიფიქრებთ, გააგრძელეთ მუშაობა. თუ 10-მდე დათვლის შემდეგ მაინც მოგინდებათ შესვლა, შედით. 

პროკრასტინაციის გადადებაში თვითონ ტელეფონიც შეგიძლიათ დაიხმაროთ. ხშირად Facebook-ის თუ Instagram-ის ღილაკს ხელს გაუცნობიერებლად ვაჭერთ. Focus Mode ანდროიდში ან App Limits აიფონში ამა თუ იმ აპლიკაციის გახსნის საშუალებას არ მოგცემთ. მოგიწევთ, გამორთოთ Focus Mode ან მოითხოვოთ 10-წუთიანი პაუზა. ამგვარად სოციალური მედიის ღილაკებისკენ ხელი უფრო იშვიათად გაგექცევათ.
6. გამოიყენე დროის სწორი განაწილების ტექნიკები

ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებთან ერთად, პროკრასტინაციის დასაძლევად დროის მართვის ხრიკებიც დაგეხმარებათ. 
  • გამოიყენეთ სამუშაოების სია (to-do list). მომავალი ამოცანები შეგიძლიათ ჩამოწეროთ ფურცელზე, კომპიუტერში ან ტელეფონში. ამ ბმულზე გამოსადეგ აპლიკაციებს იპოვით.
  • დაალაგეთ დავალებები პრიორიტეტების მიხედვით. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ აივი ლის მეთოდი: ყოველი დღის ბოლოს ჩამოწერეთ ექვსი დავალება, რომელიც გსურთ, მომდევნო დღეს შეასრულოთ — დაალაგეთ ყველაზე მნიშვნელოვნიდან ყველაზე უმნიშვნელოსკენ. (მნიშვნელოვანია ყველაზე დადებითი შედეგის მომტანი დავალებები)
  • მუდმივად შეანაცვლე მუშაობა და დასვენება. გაგიზიარებთ პომოდოროს ტექნიკას: კონცენტრირდებით მხოლოდ თქვენს ამოცანაზე 25 წუთით, შემდეგ კი 5 წუთი ისვენებთ. ამის 4ჯერ გამეორების შემდეგ, ისვენებთ 30 წუთით.
7. მეგობარი მეგობრისთვისაო, შავი დღისთვისაო

როცა საქმე ბრძოლას ეხება, სირთულესთან გამკლავება მეგობრის გარეშე ყოველთვის ძნელია. მით უმეტეს ისეთ რთულ მეტოქესთან, როგორიც პროკრასტინაციაა.
  • სთხოვე ახლო მეგობარს, რომ დღის განმავლობაში ან კვირაში რამდენჯერმე „შეგამოწმოს“ და გაიგოს, როგორი პროგრესი გაქვს. 
  • შემოიკრიბე რამდენიმე მეგობარი, სასწავლო პარტნიორი ან თანამშრომელი. შექმენი ფეისბუქ ჯგუფი, საერთო „ჩათი“ ან რამე სხვა სივრცე, სადაც ერთმანეთის წუწუნს მოისმენთ, ერთმანეთს გაამხნევებთ და პროგრესს გააზიარებთ. 
8. იზრუნე მომავლის საკუთარ თავზე

ფსიქოლოგმა ჰალ ჰერშფილდმა თავის კვლევაში აჩვენა, რომ როდესაც საკუთარ მომავალს ვუყურებთ, გვეჩვენება, რომ სხვა ადამიანისაა. ზოგჯერ შეიძლება ამიტომ ვდებთ დავალების შესრულებას სხვა დროისთვის. თითქოს, ჩვენი კი არა, სხვა ადამიანის პრობლემა იყოს. 

იცით, რა შეიძლება აღმოჩნდეს მუშაობის ან სწავლის დაწყების ბიძგი? იმის გააზრება, რომ ჩვენ ვართ ის მომავლის ადამიანი, რომელიც დედლაინამდე 2 საათით ადრე კომპიუტერთან დაძაბული ზის და გამალებით ბეჭდავს კლავიატურაზე. ალბათ, არ მოგვინდება საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ჩაყენება.
9. მიმართე პროფესიონალს

შეიძლება, მუდმივი პროკრასტინაცია ნაწილობრივ მაინც გამოწვეულია მენტალური პრობლემებით, მაგალითად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით (ADHD) ან დეპრესიით. ამ დროს საუკეთესო გზა პროფესიონალი თერაპევტისთვის დახმარების თხოვნა იქნება.
10. გაგებით მოეკიდე შენს თავს

რაც არ უნდა მოხდეს, არ გაკიცხოთ თქვენი თავი. პროკრასტინაცია სიზარმაცე არ არის და ის ყველას გვაწუხებს. ყველას გვაქვს ჩვენი მიზეზი, რატომაც ესა თუ ის დავალება გვესიკვდილება ან გვეზარება. ხანდახან შეიძლება, ჯობდეს, სწორედ ეს მიზეზები გამოვიკვლიოთ და გავიგოთ, რატომ ვერ დავადგით საშველი იმ აუტანლად მოსაწყენი, უსარგებლო ნარატიული ანგარიშის დაწერას. თუმცა, თუ მტკიცედ გადავწყვეტთ, რომ გადადებულ საქმეებს მივხედოთ, აუცილებლად შევძლებთ.
იმედი გვაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: ncharkviani@educaregeorgia.org

გააზიარეთ სტატია გააზიარეთ სტატია
თითო გაზიარებისას „ჩართეს“ საშუალოდ 3 ლარის შემოწირულობა ემატება. 
Charte.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. ჩვენს მოსწავლეებს მუდმივად ვაწვდით საგანმანათლებლო რესურსებს და  გადავწყვიტეთ, ეს რჩევები საზოგადოებისთვისაც გაგვეზიარებინა.
მე ჩავრთავ
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com