გაჭიანურების მიზეზები




 
 

რა კავშირი აქვს ემოციებს საქმის გადადებასთან? - 5 ტიპის ადამიანები.

ავტორი: ნინი ჩარკვიანი

წინა ბლოგი პროკრასტინაციასთან გასამკლავებელ რჩევებზე დავწერე, შემდეგ კი დავფიქრდი: საერთოდ რატომ ვპროკრასტინირებთ? რატომ გადავდებთ ხოლმე საქმეებს მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის გრძნობა გვაწუხებს? შეიძლება ამის გაგება უფრო გამოგადგეთ, ამიტომ, ახლა გამომწვევ მიზეზებსა და 5 სხვადასხვა ტიპის პროკრასტინატორზე მოგიყვებით.
კვლევები ადასტურებს, რომ ეს ქცევა სიზარმაცის ან დროის ცუდი მენეჯმენტის ბრალი არაა. პრობლემის თავი და თავი ემოციებში უნდა ვეძებოთ. 

პროკრასტინაციით საქმეს კი არ ვარიდებთ თავს, არამედ იმ უარყოფით ემოციას, რომელიც მის გაკეთებას უკავშირდება. 
მართლაც, ჩვენ უსიამოვნო დავალებების შესრულებაზე ვამბობთ უარს - მოსაწყენ, ნერვების მომშლელ თუ რთულზე. ვნერვიულობთ რამდენად კარგად გამოგვივა, გვეშინია, რომ დავმარცხდებით ან არ ვიქნებით საკმარისად კარგი. გასაკვირი არაა, რომ ამ ნეგატივის მოშორება გვინდა. პროკრასტინაცია მოკლევადიანი (!) მაშველია, შვებას გვაგრძნობინებს. ჩვენც ვეშვებით ამ ხაფანგში და საქმე ბოლო წუთამდე ან საერთოდაც გაუკეთებელი გვრჩება. 
პროკრასტინაციის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პერფექციონიზმი. ხანდახან ძალიან თვითკრიტიკულები ვართ და მაღალი შინაგანი სტანდარტები გვაქვს. ხან კი ვცდილობთ საზოგადოების სტანდარტებს მოვერგოთ. ამ დროს პროკრასტინაციას ვიწყებთ. წარმოვიდგენთ როგორი სრულყოფილია ჩვენი შესრულებული საქმე მომავალში და ამ წარმოდგენით ვცხოვრობთ. მუშაობის დაწყება გვეშინია, რადგან შეიძლება წარმოსახვითისგან განსხვავებული ანუ არაიდეალური შედეგი მივიღოთ. ისეც ხდება, რომ საერთოდაც არ ვიცით რითი დავიწყოთ და ესაა მიზეზი, რატომაც არ ვიწყებთ.
შესაბამისად, რაკი პროკრასტინაცია ხშირად ემოციურ პრობლემებს უკავშირდება, ჩვენი თავის მიმართ თანაგრძნობა და პატიება ძალიან მნიშვნელოვანია. 

ფსიქოლოგები და მკვლევარები 5 სხვადასხვა კატეგორიის პროკნასტინატორს გამოყოფენ:
ბოლოწუთა
ამ ადამიანებს სტრესი სჭირდებათ, რათა დავალების შესრულება დაიწყონ. ფიქრობენ, რომ უამისოდ საუკეთესო შედეგს ვერ დადებენ.
მეოცნებე
ამ კატეგორიას ძალიან ოპტიმისტი და ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანები განეკუთვნებიან. ისინი საქმეს მომავლისთვის გადადებენ ხოლმე, რადგან სჯერათ, რომ ჯადოსნურად მოგვარდება. „მეოცნების“ აზრით, დავალების შესასრულებლად დიდი შრომა სულაც არ არის საჭირო – დედლაინამდე ცოტა ხნით ადრე „ჩაუჯდება“ და ყველაფერს მოასწრებს, თუმცა, როგორც წესი, ეს ასე არ აღმოჩნდება ხოლმე. 
პერფექციონისტი
ამ ტიპის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავალება სრულყოფილად შეასრულონ. ურჩევნიათ საქმე არ წამოიწყონ ან გაწელონ, ვიდრე არაიდეალური გამოუვიდეთ. მარცხის შიშს განიცდიან, ნერვიულობენ, რომ ნამუშევარი უნაკლო არ იქნება. 
წინასწარ მღელვარე
მათ რთული ამოცანები აშინებთ და ფიქრობენ, რომ შესრულება არ გამოუვათ. საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და პროკრასტინაცია საშუალებად ეჩვენებათ, რომ წარუმატებლობით გამოწვეული ტკივილი თავიდან აირიდონ. 
მეამბოხე
როცა საქმე მოსაწყენ ან სულელურ დავალებებს ეხება, ჩვენში მეამბოხე პროკრასტინატორი იღვიძებს და ეს პროტესტის ფორმაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამა თუ იმ საქმეს წინააღმდეგობა გავუწიოთ და შორს და შორს გადავდოთ.
 
რა თქმა უნდა, ეს კატეგორიები უნივერსალური არ არის, შეიძლება ერთდროულად რამდენიმეს მიეკუთვნებოდეთ. და მაინც, თითოეული ადამიანის შემთხვევა ინდივიდუალურია და სხვადასხვა საქმის პროკრასტინაციას, ხშირად, განსხვავებული მიზეზი აქვს. იმედი გვაქვს, ეს ტიპები თქვენი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ. 
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: 
ncharkviani@educaregeorgia.org
გააზიარეთ სტატია გააზიარეთ სტატია
თითო გაზიარებისას „ჩართეს“ საშუალოდ 3 ლარის შემოწირულობა ემატება. 

Charte.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. ჩვენს მოსწავლეებს მუდმივად ვაწვდით საგანმანათლებლო რესურსებს და  გადავწყვიტეთ, ეს რჩევები საზოგადოებისთვისაც გაგვეზიარებინა.
მე ჩავრთავ
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com