ხდკ

  • რა არის „ჩართე“?

„ჩართე" საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ჩაურთოთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. ონლაინ შემომწირველად დარეგისტრირებას საშუალოდ 2  წუთი და მინიმუმ თვეში 1 ლარი სჭირდება. ჩვენი პლატფორმა 100%-ით გამჭვირვალეა - საიტზე აღრიცხულია თითოეული ხარჯი, მოსწავლედონორი, რეგიონი და გუნდის თითოეული წევრი. ჩართეს ბენეფიციარები, ინტერნეტის გარდა, ჩვენი კორპორატიული დონორებისა და პარტნიორების წყალობით იღებენ ლეპტოპებსა და წვდომას ონლაინ საგანმანათლებლო კურსებზე, ჩვენი გუნდი კი მათ მუდმივად უწევს ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი მოკლე ვიდეორგოლი ან გაეცანით 2022 წლის ანგარიშს

 

  • ვინ ვართ ჩვენ?

პროექტის ავტორია საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia. ჩვენი გუნდის მიზანია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მსოფლიო დონის განათლება. იხილეთ „ჩართეს“ 2022 წლის ანგარიშიიხილეთ მოკლე ვიდეო ჩვენს დამფუძნებელ ორგანიზაციაზე. იხილეთ, ასევე,  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მომზადებული სიუჟეტი ჩვენს გუნდზე, საქმიანობასა და „ჩართეს“ ერთ-ერთ ბენეფიციარზე. 

 

  • როგორ „ჩავრთო“?

ეს მარტივია! დააჭირეთ ღილაკს „მე ჩავრთავ“, აირჩიეთ თანხა, რომელიც ყოველთვიურად ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან, შეიყვანეთ პირადი და საბანკო მონაცემები. მზადაა! თქვენ უკვე მიეცით წვდომა ინტერნეტზე სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს და ჩვენი გუნდისგან მიიღებთ გამჭვირვალობის ყოველთვიურ ანგარიშს თითოეული ხარჯით, სიახლითა და მოსწავლეთა ისტორიებით. დამატებითი ინსტრუქციისთვის იხილეთ მოკლე ვიდეორგოლი

 

  • როგორ გავაუქმო შემოწირულობა ან შევცვალო შემოწირულობის თანხა?

ესეც მარტივია! შედით ჩვენს საიტზე, შედით თქვენს პროფილში ზედა მარჯვენა კუთხიდან, ესტუმრეთ პარამეტრებს ზედა მარჯვენა კუთხიდან და აირჩიეთ გაუქმების ღილაკი. თუკი თანხის შეცვლა გსურთ, „ყოველთვიური შემოწირულობის“ გრაფაში ჩაწერეთ სასურველი თანხა და დააჭირეთ ღილაკს „განახლება“. შემდეგი თვის მე-5 რიცხვში უკვე ახალი ოდენობის შემოწირულობა მოიხსნება თქვენი ბარათიდან.

 

  • ბარათს ვერ ვარეგისტრირებ, როგორ მოვიქცე?

პრობლემა შესაძლოა Mozila Firefox-ის ბრაუზერს ჰქონდეს. სცადეთ სხვა ბრაუზერიდან რეგისტრაცია, მაგალითად, Google Chrome-დან. თუ პრობლემა არ მოგვარდა, მოგვწერეთ აქვე მარჯვენა კუთხეში არსებულ ჩათში ან ელ-ფოსტაზე - info@educaregeorgia.com. ვეცდებით ძალიან სწრაფად მოვაგვაროთ. 

 

  • თუ ბარათს გამოვცვლი, ამ თვეში თანხა ორჯერ ჩამომეჭრება?

არა. თუ თქვენ ბარათის გამოცვლით ან ნებისმიერი სხვა მიზნით მოხსნით თქვენს ბარათს სისტემიდან და შემდეგ იმავე ან სხვა ბარათით გახდებით დონორი, ჩვენი სისტემა დაიმახსოვრებს თქვენს პროფილს და თანხა ორჯერ არ ჩამოგეჭრებათ. ახალი ბარათის შეყვანისას მომხმარებლის შემოწმების მიზნით ბარათიდან ჩამოგეჭრებათ 1 ლარი, რომელიც ავტომატურად დაგიბრუნდებათ.

 

  • შემიძლია თუ არა, დავიბრუნო შემოწირული თანხა?

დიახ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მოგვწეროთ და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. 

 

  • როგორ იხარჯება თანხა?

შემოწირულობის გაკეთებისას თქვენ ირჩევთ, რას მოხმარდეს თქვენი თანხა - მოსწავლეს (ინტერნეტისა და კომპიუტერის ხარჯები; მოსწავლის იდენტიფიკაციის, ინტერნეტის ინსტალაციის, ლეპტოპების დარიგების, საგანმანათლებლო ტრენინგების ხარჯები) თუ ადმინისტრაციულ ხარჯებს (პროექტის კოორდინატორის, ბუღალტრისა და სოციალური მედიის მენეჯერის ანაზღაურება, პლატფორმის განვითარებისა და ონლაინ რეკლამის ხარჯები). პლატფორმიდან შემოსული თანხითა და კერძო დონორების ერთჯერადი შემოწირულობებით გაწეული თითოეული ხარჯი ასახულია გამჭვირვალობის ანგარიშში, რომელსაც ყოველთვიურად ელფოსტით მიიღებთ. საიტზე, ასევე, ყოველთვიურად ქვეყნდება კერძო დონორთა შემოწირულობებისა და ამ შემოწირულობებით გაღებული თითოეული ხარჯის ამსახველი საბანკო ამონაწერი. კორპორატიული სპონსორები ლეპტოპების, იდენტიფიცირების, ტრენინგისა და ინტერნეტის ხარჯებს მათთვის განკუთვნილ საბანკო ანგარიშზე რიცხავენ. კონფიდენციალობის დაცვის მიზნით მათი შემოწირულობები და ამ შემოწირულობებით გაღებული ხარჯები არ არის ასახული საიტზე გამოქვეყნებულ გამჭვირვალობის ანგარიშსა და ბრუნვის საბანკო ამონაწერში. იხილეთ, ასევე, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, Ernst & Young-ის, 2020 წლის დასკვნა და დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია ,,ალტერ-ეგოს" დასკვნა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მეტი

 

  • რომელ კომპიუტერს მიიღებს მოსწავლე?

ამ ეტაპზე მოსწავლეებისთვის ვყიდულობთ ახალ Lenovos ლეპტოპებს, მომწოდებლისგან შეღავათიან ფასად. გადაცემული კომპიუტერები გამართულია ტექნიკურად და ჩაწერილია პროგრამები, რომელიც მისი გამართულად ფუნქციონირებისა და სასწავლო მიზნისთვის გამოყენებისთვისაა საჭირო.

 

  • რა ჯდება ერთი მოსწავლის ჩართვა?

საქართველოში საბაზისო ინტერნეტპაკეტის ფასია 20-25 ლარი. ჩვენ თითოეულ ბენეფიციარს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადის დასაფარად ვურიცხავთ 20 ლარს, ხოლო დარჩენილ თანხას (0-5 ლარს) ბენეფიციარები ფარავენ თავად. იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ბენეფიციარის ოჯახი ჩართვის მომენტში უკვე იხდის ინტერნეტის ფულს, ჩვენ მას ინტერნეტის ხარჯს აღარ ვუფარავთ, თუმცა ის იღებს პროექტის დანარჩენ სერვისებს: ლეპტოპს, ტრენინგს, რესურსებზე წვდომასა და მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას ჩვენი გუნდისგან.

 

  • როგორ ვიცავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს?

ტრანზაქციის განხორციელების დროს თქვენი ბარათის მონაცემები უსაფრთხო (სერტიფიკატით დაცული) კავშირის მეშვეობით პირდაპირ გადაეცემა მულტისავალუტო გადახდების კომპანია UFC-ს (თიბისის შვილობილი კომპანია). UFC-ში მონაცემები დაცულ სერვერზე ინახება. თქვენი ბარათის მონაცემებთან „ჩართესთვის“ დაშიფრულია. ის მხოლოდ UFC-ის მხარეს ინახება, ხოლო UFC-ის სერვერზე თქვენი ბარათის მონაცემების უსაფრთხოებას Visa და MasterCard უზრუნველყოფს: კერძოდ, იმისათვის, რომ UFC-იმ გაატაროს თქვენი Visa და MasterCard ბარათი, ის ვალდებულია, დაიცვას PCI DSS ლიცენზიის უსაფრთხოების ზომები, რაც საბანკო ინფორმაციის დაცვის მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტის დაცვას გულისხმობს.

 
  • რატომ ყოველთვიური შემოწირულობა?

ვინაიდან ინტერნეტი ყოველთვიური გადასახადია და მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მომსახურება მუდმივად მიეწოდებოდეს, ამისათვის საჭიროა სტაბილური, ყოველთვიური მხარდამჭერები. პირველი თვის თანხა ჩამოგეჭრებათ გადახდისთანავე, ყოველი მომდევნო თვის გადასახადი კი მომდევნო თვის 5 რიცხვში. 

 

  • შესაძლებელია თუ არა ჩარიცხვა ერთჯერადად?

დიახ. ამისთვის ორი გზა არსებობს:

1. გახდით დონორი ჩვენს საიტზე, შეიყვანეთ სასურველი თანხა და მას შემდეგ, რაც ჩამოგეჭრებათ შემოწირულობა, პროფილიდან გააუქმეთ ყოველთვიური შემოწირულობა;

2. გადმორიცხეთ თანხა ჩვენს ანგარიშზე. აქ ნახავთ ჩვენს რეკვიზიტებს.

პირველ შემთხვევაში თქვენ ჩვენი დონორების სიაში გამოჩნდებით და ავტომატურად მიიღებთ ჩვენგან გამჭვირვალობის ყოველთვიურ ანგარიშს. მეორე შემთხვევაში თქვენ არ აღმოჩნდებით ჩვენი დონორების სიაში, გამჭვირვალობის ანგარიშს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ მას ჩვენი საიტის მეშვეობით გამოიწერთ ან დაგვიტოვებთ თქვენს ელფოსტას.

უცხოური ანგარიშებიდან თანხის ჩასარიცხად შეგიძლიათ, გამოიყენოთ PayPal: paypal.me/CharteGe

 

  • როდის ჩამომეჭრება თანხა?

ჩვენი სისტემა ყოველი თვის მე-5 დღეს მოხსნის თანხას ბარათიდან. თუ ამ დროს ბარათზე არ გექნებათ საკმარისი თანხა ან თქვენს ბარათს ვადა ექნება გასული, მომდევნო 10 დღის განმავლობაში სისტემა განმეორებით ეცდება თანხის მოხსნას. თუ თანხის მოხსნა ვერ მოხერხდება, ჩვენი გუნდი ამის შესახებ ელფოსტის საშუალებით შეგატყობინებთ.

 

  • რა როლი აქვთ კორპორატიულ დონორებს?

ჩვენი კორპორატიული დონორები, როგორც წესი, ლეპტოპების საფასურს აფინანსებენ. რიგ შემთხვევებში ისინი, ასევე, მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების ტრენინგების ხარჯებსაც ფარავენ.

 

  • როგორ ვარჩევთ ჩასართავ რეგიონს?

უპირატესობას ვანიჭებთ რეგიონს, რომელშიც ჯერ არ გვიმუშავია. როგორც წესი, პარალელურად ორ სხვადასხვა რეგიონში ვმუშაობთ - ერთი თბილისთან ახლოს და მეორე შედარებით მოშორებით, რამდენიმედღიანი გასვლებისთვის. ხანდახან კორპორატიული დონორი თავად ირჩევს, რომელი რეგიონი დააფინანსოს. 


 

  • როგორ ვარჩევთ ბენეფიციარებს?

ნებისმიერ რეგიონში ვუკავშირდებით სკოლებს და მათგან გამოვითხოვთ ინფორმაციას ყველა იმ უფროსკლასელზე, რომელსაც:

  • მინიჭებული აქვს 70,000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა;
  • არ აქვს კომპიუტერი ან/და ინტერნეტი.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეავსებენ ჩვენს კითხვარებს სკოლების დახმარებით, ჩვენი რეგიონული წარმომადგენელი - დამოუკიდებელი პირი, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს - პირადად მიდის აღნიშნულ ოჯახებში, ახდენს მოსწავლეების დოკუმენტაციას, ატარებს ინტერვიუებსა და გამოკითხვებს და რწმუნდება, რომ მოსწავლეები აკმაყოფილებენ პროექტის კრიტერიუმებს.

 

 

  • საიდან ვიცით, რომ 78 000 მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი?

საქართველოს სკოლებში დაახლოებით 600,000 მოსწავლეა რეგისტრირებული. ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფის მონაცემებით, მოსწავლეთა დაახლოებით 20%-ს (120,000) არ აქვს სახლში კომპიუტერი. UNICEF-ის კვლევის მიხედვით, სკოლის ასაკის მოსწავლეთა 15%-ს (90,000 მოსწავლეს) არ აქვს ინტერნეტი სახლში. 

„ჩართეს“ გუნდი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებთან მუშაობს და ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშე დარჩენილი მოსწავლეების სავარაუდო რაოდენობაც სოციალური სტატუსის მიხედვით აქვს ნაანგარიშები. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით 6-18 წლამდე და სოციალური სტატუსისა და 70,000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მოსწავლეების რაოდენობა არის 96,000 (16%). ჩვენი გუნდი ასეთ 2,000-ზე მეტ ოჯახშია ნამყოფი. ამ ვიზიტების დროს დაფიქსირდა, რომ მათგან 18%-ს აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი. შესაბამისად, გამოვთვალეთ, რომ 96,000 მოსწავლის მინიმუმ 82%-ს - მინიმუმ 78,000 მოსწავლეს და მათგან 19,000 უფროსკლასელს -  არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი. 

 

  • არის თუ არა საფრთხე, რომ ბენეფიციარებს სოციალურმა სამსახურმა კომპიუტერის ქონის გამო სოციალური დახმარება მოუხსნას?

არა. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად ვადგენთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ჩვენს ბენეფიციარს აქვს ლეპტოპის გამოყენების სრული უფლება, თუმცა ლეპტოპი ჩვენს ორგანიზაციას ეკუთვნის. ამგვარად, სოციალური სამსახური ბენეფიციარს კომპიუტერის გამო დახმარებას ვერ შეუწყვეტს.​

 

  • როგორ ვზრუნავთ ბენეფიციარების განათლებაზე?

ჩვენი გუნდი თითოეულ ბენეფიციარს უწევს მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას, აწვდის რჩევებსა და სასარგებლო ბმულებს. ბენეფიციარები უფასო წვდომას იღებენ ქართულენოვან საგანანმანათლებლო პლატფორმებსა თუ რესურსებზე. რიგ შემთხვევებში, მათ უტარდებათ ტრენინგები მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში. გაიგეთ მეტი.

 

  • როგორ ვზრუნავთ ბენეფიციარების კონფიდენციალობის დაცვაზე?

გამჭვირვალობის მიზნით საიტზე ასახულია თითოეული მოსწავლის ისტორია, თუმცა მათ შესახებ არსებული ინფორმაცია არასოდეს შეიცავს პირად ინფორმაციას და არ იძლევა მოსწავლის იდენტიფიცირების საშუალებას. რიგ შემთხვევებში საიტზე, სოციალურ მედიასა და გამჭვირვალობის ანგარიშებში ქვეყნდება მოსწავლის ფოტო ან/და მისი უფრო ვრცელი ისტორია, ასეთი ტიპის მასალა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება საჯარო, თუ ამის ნებართვა მიღებული გვაქვს მშობლისგან/მეურვისგან (და თუ მოსწავლე 18 ან მეტი წლისაა - თავად მოსწავლისგან) არასავალდებულო ხელშეკრულების საფუძველზე. რეგიონული წარმომადგენელი თითოეულ ოჯახს უმარტავს, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ნებაყოფლობითია და დეტალურად უხსნის, თუ რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება გამოქვეყნდეს და სად.

 

  • როგორ ვზომავთ მოსწავლეების პროგრესს?

ჩვენი გუნდი მუდმივად ატარებს თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს აკადემიური სტანდარტებისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით. ვატარებთ როგორც სიღრმისეულ ინტერვიუებს, ისე ვადგენთ კითხვარებს ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ინდექსებზე დაყრდნობით, როგორიცაა Self-efficacy in Technology and Science (SETS), The Short Warwick-Edinburgh Mental Well-being Scale, Academic Self-Perception (McCoach, 2002) და ა.შ. ჩვენ ასევე სკოლების დახმარებით ვიკვლევთ ცვლილებებს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაში. იხილეთ 2022 წლის კვლევის  შედეგები

 

  • რა გავლენა აქვს მოსწავლეებზე პროექტ „ჩართეს“?

ჩვენი თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მოსწავლეები საშუალოდ აუჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, ზოგად და მენტალურ თვითშეფასებას, ინტერნეტის განათლებისთვის მოხმარების სიხშირესა და ა.შ. იხილეთ წინასწარი შედეგების სრული ანგარიში.

 

  • რა პერიოდით ვაფინანსებთ მოსწავლეებს?

ჩვენი პროექტი უფროსკლასელებს (მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს) ინტერნეტის გადასახადს უფინანსებს სკოლის პერიოდში და სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება კომპიუტერს, იგი ამ ვადის გასვლის შემდეგაც ბენეფიციართან დარჩება.

 

  • თუ შევაჩერებ შემოწირულობას, ბავშვის ინტერნეტის გადასახადი როგორ დაიფარება?

ამაზე ნუ იდარდებთ. თქვენს ბენეფიციარს სხვა დონორი გადაიბარებს.

 

  • წარმოვადგენ ორგანიზაციას - როგორ დავაფინანსოთ პროექტი?

„ფონდი ექსესი“ საქველმოქმედო ორგანიზაციაა (იხილეთ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა) და ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია, პირდაპირ დააფინანსოს პროექტი რეკვიზიტებზე თანხის ჩარიცხვით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.