რატომ?

დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მათი 95% ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, თუმცა ხელმოკლეობის გამო ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას. 

ის გეოგრაფიული სივრცე და გარემო, რომელშიც ასეთი მოზარდები იზრდებიან, მათ არ აძლევს ფინანსური, აკადემიური თუ პროფესიული განვითარების შანსს, მისწრაფებების, ამბიციებისა და მიზნების ჩამოყალიბების საშუალებას. ასეთი მოზარდი რჩება დღევანდელი ინტერნეტ რევოლუციის მიღმა და არ აქვს საშუალება, წვლილი შეიტანოს ქვეყნისა და სამყაროს განვითარებაში. 

ინტერნეტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.

ინტერნეტის წყალობით მოსწავლეს აქვს მსოფლიო ცოდნის უმთავრესი (და ხშირად ერთადერთი) წყარო, კომუნიკაციის, თვითგანვითარებისა და თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი საშუალება. ინტერნეტით ის სწავლობს უცხო ენებს, ემზადება გამოცდებისთვის, უყურებს ფილმებს, ეზიარება ხელოვნებას, თვალს ადევნებს მსოფლიო სიახლეებს, იგებს ბუნებრივი კატასტროფების შესახებ, ყიდულობს და ყიდის, ეძებს სამსახურს, უსმენს მუსიკას, იჩენს მეგობრებსა და პარტნიორებს, მუშაობს და სწავლობს დისტანციურად. 

„ჩართეს“ თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, ჩვენი მოსწავლეები პროექტში მონაწილეობიდან 1 წელში საშუალოდ აუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და წიგნიერებას, ინტერნეტის განათლებისთვის მოხმარების სიხშირეს, ზოგად და მენტალურ კეთილდღეობასა და სხვა. იხილეთ წინასწარი შედეგების სრული ანგარიში და ტრენინგების გავლენის ანგარიში

გავლენა

თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების დახმარებით ჩვენ მუდმივად ვზომავთ ჩვენი პროექტის გავლენას მოსწავლეების ცხოვრებაზე. დროში განმეორებადი კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით ჩართვიდან 1 წელში მოსწავლეთა მეხუთედზე მეტი აუმჯობესებს სასკოლო ნიშნებს; 85% აუმჯობესებს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს; 35% თავს უფრო ბედნიერად გრძნობს; 39% აუმჯობესებს ქულას თვითშეფასების სკალაზე; 40% უფრო ხშირად იყენებს ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად და ა.შ.

ჩვენი გუნდი მოსწავლეებს უტარებს, ასევე, ტრენინგებს მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში. კვლევის მიხედვით, ტრენინგზე დასწრებიდან 2 თვეში მოსწავლეთა 88% აფასებს ინფორმაციის ნამდვილობას ონლაინ; 80% იყენებს ნახსენებ ონლაინ სასწავლო რესურსებს და 72% ადგენს საკუთარ ბიუჯეტს.

ჩართულია2732მოსწავლე

დაფინანსებულია2582501ლარით

ჩვენ ვართ5410მხარდამჭერი

წარმატების ისტორიები

ჩართულია

ბექა

დღეს ბექას გაგაცნობთ - მიზანდასახულ ინჟინერიის სტუდენტს წალკიდან! 

ბექასთან ლეპტოპი 2020 წლის სექტემბერში ჩავიტანეთ, მაშინ როცა კოვიდპანდემიის გამო მთელი ქვეყნის სკოლები ონლაინ სწავლობდნენ. ბექა ამ დროს აბიტურიენტი იყო და როგორც თავად გვიყვება, კომპიუტერის უქონლობის გამო, ვერც გაკვეთილებს ესწრებოდა და დამატებით მასწავლებლებთან მომზადებასაც ვერ ახერხებდა. ეს რეალობა მალე შეიცვალა... ბექამ ინტენსიური მეცადინეობა დაიწყო და წლის ბოლოს სასურველ მიზანსაც მიაღწია - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა ინჟინერიის ფაკულტეტეზე!

ახლა უკვე მე-4 კურსზეა და ბევრს შრომობს, რომ კარგი ინჟინერი დადგეს. პირველ კურსზე დისტანციური სწავლის გამო წალკიდან ერთვებოდა ლექციებს, თუმცა ახლა უკვე ნამდვილი სტუდენტობა აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს. თავისუფალ დროს სპორტული აქტივობებითაა დაკავებული - ფეხბურთს ან ფრენბურთს თამაშობს ან ცხენით ჯირითობს. 

ბექას თქმით, მისი ინფორმაციის მთავარი წყარო ინტერნეტია, თუმცა პიროვნულ ზრდაში წიგნების კითხვა და ფილმების ყურებაც ეხმარება.

ჩართულია

ლიზი

ლიზი აბიტურიენტია და როცა გავესაუბრეთ სულ პირველი თავისი ეროვნული გამოცდების ქულები გვახარა: ქართულში - 56/60, ინგლისურში - 64/70, მათემატიკისა და ფიზიკის შედეგებს კი ჯერ კიდევ ელოდება. გვიამბო, რომ ონლაინ ტესტებზე ვარჯიშსა და პროგრამული მასალის ეფექტურად დამუშავებაში ინტერნეტი ძალიან დაეხმარა!

ტექნიკური საგნები უყვარს და ფაკულტეტიც შესაბამისი შეარჩია - სურს კომპიუტერულ მეცნიერებებზე ჩააბაროს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროგრამირების ენების დამოუკიდებლად სწავლა უკვე დაიწყო და როგორც გვითხრა, ჯავასკრიპტის თითქმის ნახევარი იცის, Bitcamp-ისა და ხანის აკადემიის რესურსებს იყენებს.

პროგრამირების გარდა, ლიზის ვიდეომონტაჟიც გამოსდის. სულ ახლახანს ხარაგაულში, ტურისტულ კომპანია “My Trip”-ში, დაიწყო მუშაობა და მათი სოციალური მედიისთვის ვიდეოებს ქმნის, ამის გარდა ტურისტებთან ინგლისურად კომუნიკაცია ევალება და ფიქრობს, რომ საკუთარი ლეპტოპის საშუალებით საქმეს წარმატებით ართმევს თავს. 

ლიზის წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენი მოსწავლეების პროგრესის ამბები ყველაზე მეტად გვიხარია!

ჩართულია

მარიამი

ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ, მებრძოლ გოგოზე უნდა მოგიყვეთ ქალაქ ჯვარიდან!

იცნობთ მოზარდებს, მშობლიური ქალაქის უკეთესობისკენ შეცვლაზე რომ გულანთებულები ფიქრობენ? 16 წლის მარიამი ზუსტად ასეთია. გადაწყვეტილი აქვს, იბრძოლოს, რომ ჯვრის მომავალ თაობას იმ დაბრკოლებების გადალახვა აღარ მოუწიოს, რაც მას შეხვდა. სჯერა, რომ ინტერნეტით და კომპიუტერით უკვე მთელ მსოფლიოსთან აქვს წვდომა.

მარიამი ბავშვობიდან ხატავს. მეექვსე კლასიდან არქიტექტორობა დაისახა მიზნად. უკვე მე-11 კლასში “ჩართეს” ნაჩუქარ ლეპტოპსაც დაუმეგობრდა და დამოუკიდებლად დიზაინების შექმნაც დაიწყო. 

2021 წელს „კოდის ერთი საათის“ კვირეულის ფარგლებში 3D პროექტები შექმნა და საქართველოს მასშტაბით კონკურსის ფინალშიც გავიდა! თავისუფალ დროს ნახატების გარდა, ესკიზებსაც ქმნის - ინტერნეტის საშუალებით მისი საოცნებო სახლის დიზაინი შექმნა და დააპროექტა კიდეც. გვიყვება, რომ ინფორმაციის მოძიება და სკოლის დავალებების შესრულება უკვე სრულყოფილად შეუძლია, კომუნიკაციის უნარებიც განივითარა.

როგორც გვითხრა, გადაწყვეტილი აქვს მაგისტრატურაზე არქიტექტურა აშშ-ში შეისწავლოს, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდეს და სფერო განავითაროს. ოცნებობს, რომ თავი საქართველოსაც და მსოფლიოსაც დაამახსოვროს!

 

ჩართულია

ელისო

17 წლის სუპერ ცნობისმოყვარე ელისოზე გიამბობთ, ჭიათურის სოფელ წირქვალიდან!

ელისო აბიტურიენტია, თუმცა მისი ყოველდღიურობა მხოლოდ მასწავლებლებთან სიარულით და თემების წერით სულაც არ შემოიფარგლება. ახერხებს დრო გამონახოს, არაფორმალური განათლების პროექტებში ჩაერთოს და საკუთარი თავი ასე განავითაროს. მისი თქმით, ძალიან უნდა წვლილი შეიტანოს თავისი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში. მხარში აქტიური მეგობრები უდგანან, მათთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვით და კულტურულ აქტივობებს გეგმავს!

ელისო დარწმუნებით ამბობს, რომ პასუხგაუცემელ კითხვებზე ინფორმაციის მოძიების სტიმული სწორედ კომპიუტერმა მისცა. იტაცებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ხატვა, თუმცა თავს ხელოვნად არ მიიჩნევს. როგორც გვიამბო, ინტერნეტის საშუალებით საინტერესო ნახატებს ეცნობა და სხვადასხვა ეპოქებშიც დამოგზაურობს.

აბიტურიენტისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხზე - პროფესიაზე - როდესაც ვკითხეთ ასე გვიპასუხა:  “მრავალი მიმდინარეობა მაინტერესებს, თუმცა გამორჩეულად მიზიდავს პოლიტიკის მეცნიერებები და სოციოლოგია. იმედია ზუსტად ისე ჩავაბარებ გამოცდებს, როგორც მინდა.” 

ელისოს წინ შრომატევადი წელი და გამოცდები ელის, თუმცა გვჯერა, რომ შრომისმოყვარეობითა და დროის სწორედ განაწილებით მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

ჩართულია

ლუკა

ლუკა მდინარე ენგურის პირას, ქალაქ ჯვარში ცხოვრობს, მისი გული კი სკანდინავიის მთებს ეკუთვნის. ინტერნეტმა მომავალი პროფესია აღმოაჩენინა და ოცნებების მრავალფეროვანი სიაც შეავსებინა!

ლუკამ გადაწყვიტა, ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ფაკულტეტზე — სკანდინავიური ენების ფილოლოგიაზე — ისწავლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რითი გაიტაცა სამეგრელოს პატარა ქალაქში მცხოვრები ბიჭი შორეულმა სამყარომ? ზამთარი ლუკას საყვარელი წელიწადის დროა; გრძელი, ცივი ზამთრით განთქმულმა ჩრდილოეთმა, შემდეგ კი მამაცმა ვიკინგებმა და ნორვეგიულმა ფილმებმა მისი გონება საბოლოოდ მოიცვა. 

რა გასაკვირია, რომ ლუკას სურვილების სიაში პირველი ჩრდილოეთის ციალის ნახვა წერია. სხვა ოცნებებიც გაგვიმხილა - ყველაზე გრძელი გვირაბის (Gotthard Base Tunnel) გავლა ნორვეგიაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება, შუაღამის მზის, ოსლოს, სტოქჰოლმის, ლონდონის და ინგლისის ქალაქ ბიბურის ხილვა. 

ახლა აბიტურიენტია და კომპიუტერი „ძვირფას დროს უზოგავს”. ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში — ინტერნეტშია თავმოყრილი. გვიყვება, რომ ლეპტოპის გარეშე ვერც ონლაინ გაკვეთილებს დაესწრებოდა და ვერც  წიგნების ელექტრონული ვერსიებით მოემზადებოდა ეროვნული გამოცდებისთვის. თავისუფალ დროს კომიქსების კითხვას და ანიმეებს ყურებას უთმობს.

გვჯერა, რომ ლუკა აუცილებლად აისრულებს ოცნებებს და ჩრდილოეთის ციალსაც ნახავს!

ჩართულია

ნიკა

გაიცანით 16 წლის ნიკა, რომელიც მეტეოროლოგიითაა გატაცებული!

ნიკა იმერეთში, სოფელ ხიდარში ცხოვრობს. გარშემო ვინმეს ამინდთან დაკავშირებით რამე თუ აინტერესებს ხშირად მას ეკითხებიან ხოლმე. თითქმის ყოველდღე აკვირდება ცას - ღრუბლებს, ვარსკვლავებს, ფრინველებს - შემდეგ კი კლიმატის ცვალებადობას ინიშნავს და დასკვნებსაც აკეთებს. 

ინტერნეტით ამინდის გამოცნობის ბევრი სხვადასხვა ხერხი მოიძია. როგორც თავად გვიამბობს, უკვე იმდენი ინფორმაცია შეაგროვა, ველურ ბუნებაში, უინტერნეტოდაც კი შეძლებს კლიმატის ,,წინასწარმეტყველებას".

რაც შეეხება ნიკას სამომავლო პროფესიას, ჯერ არ გადაუწვეტია. ჯერჯერობით ცისარტყელაზე, წითელ ღრუბლებსა და ცხოველებზე დაკვირვებას აგრძელებს დიდი მონდომებით!

 
ჩართულია

ქეთი

დღეს სამხრეთ კორეულ კულტურაზე შეყვარებულ ქეთის გაგაცნობთ წყალტუბოდან!

ქეთის პროფესია დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს - მოდის დიზაინერობა - თუმცა, როცა საქმე უნივერსიტეტის არჩევაზე მიდგა, ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს მიაკითხა და ახლა მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევის პროცესშია. პარალელურად გამოცდებისთვის ტესტებს აკეთებს და კონსპექტებს წერს hubu.ge-დან. 

ყველაზე კარგად ხატვა გამოსდის. სამხატვრო სკოლაში უკვე 6 წელია დადის და წლის ბოლოს გამოფენაც ექნება! 2 ტილო უკვე მზად აქვს, ახლა კი 3 უზარმაზარ ნახატზე მუშაობს. 

ქეთი სამხრეთ კორეული მუსიკის, ფილმებისა და სერიალების ნამდვილი ფანია. კომპიუტერით ამ ენის შესწავლაც დაიწყო - პირველ რიგში დათვლა, მერე კი მრავალი წინადადება ისწავლა. სამწუხაროდ, სირთულის გამო, თავი დაანებება მოუწია, თუმცა გვპირდება, რომ აუცილებლად დაუბრუნდება. ძნელია არ დავუჯეროთ, მასთან საუბარმა დაგვარწმუნა როგორი ინტერესიანი და შრომისმოყვარეა!

P.S. ყოველ დილას 8 საათზე სავარჯიშოდ იღვიძებს და მთელ დღეს ენერგიულად ატარებს.

ჩართულია

მარიამი

დღეს ჭიათურელ მარიამზე მოგიყვებით, რომლის პროექტითაც საქართველოს სამ ქალაქში მზის პანელები დამონტაჟდება!

მარიამი სოფელ რგანში ცხოვრობს. სკოლაში მხოლოდ 80 მოსწავლეა, მაგრამ ყველამ იცის, რომ თუ კომპიუტერი სჭირდებათ მასთან უნდა მივიდნენ - დაეხმარება და დაყვედრების გარეშე ათხოვებს. მარიამს არ სურს სხვას ის გამოაცდევინოს, რაც თვითონ გაიარა. მიზნადაც განათლების სისტემის შეცვლა აქვს დასახული, უნდა თავისი წვლილი შეიტანოს და ეს მხოლოდ ოცნებად არ დარჩეს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის კონკურსში თავის სკოლელებთან და მასწავლებელთან ერთად იმონაწილევა. მათი იდეა დაფინანსდა - ჭიათურაში, ზესტაფონსა და ტყიბულში მზის პანელები დამონტაჟდება. ეკოაქტივისტობის გარდა, მარიამს ჟურნალისტობაც გამოსდის. დაიჯერებთ? თავისი გადაცემებს, რეპორტაჟებს აკეთებს და მულტფილმებსაც ახმოვანებს!

სკოლის სპეკტაკლებში მონაწილეობს და სცენარებიც დაუწერია. ზოგჯერ, კი თავს ოპერის მომღერლად ხედავს - ჩართავს ქართულ არიებს, აჰყვება და თავს სცენაზე წარმოიდგენს.

ახლა, როცა უკვე კომპიუტერი აქვს, მისი ყოველდღიურობა შეიცვალა. სკოლაში გაკვეთილების მომზადებისას სულ ცდილობს კანვას პროგრამით ანიმაციები შექმნას და ბავშვებს გაუზიაროს. მისი თქმით, ახსნა იმდენად კარგად გამოსდის, რომ ბიოლოგიის მასწავლებელმა გაკვეთილიც კი ჩაატარებინა. წელს აბიტურიენტია და გამოცდებისთვის საგულდაგულოდ მოემზადება

ჩართულია

ნიკა

გაიცანით 17 წლის ნიკა მეჯვრისხევიდან! ოქროსმედალოსანი აბიტურიენტია და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მომზადებას დამოუკიდებლად აპირებს - მთავარი იარაღი უკვე აქვს  - ინტერნეტი, კომპიუტერი და შემართება.

პროფესიის არჩევისას ნიკამ ორი მთავარი მისწრაფება გააერთიანა - ხატვა და ტექნიკური საგნების სიყვარული. აპირებს ავტომობილების ინჟინერია და დიზაინი ისწავლოს. ხატვა 3 წლის წინ, დამოუკიდებლად დაიწყო - თავიდან მხოლოდ ფანქრით ხატავდა, ახლა კი ინტერნეტის საშუალებით ახალ ხატვის ტექნიკებს  სწავლობს. დამოუკიდებლად ძირითადად პორტრეტებს ხატავს ხოლმე, ხოლო ინტერნეტის საშუალებით მანქანების მოდელების სქემებს იძიებს. ნიკა ინგლისურსაც აქტიურად სწავლობს - მისთვის საჭირო მასალები ქართულად უბრალოდ არც მოიპოვება.

როგორც გვითხრა, ინტერნეტი რომ არ ჰქონოდა, პანდემიის დროს ვერც  გაკვეთილებზე დასწრებას და ვერც მეცადინეობას მოახერხებდა. ინტერნეტის დახმარებით კი მაღალ ნიშნებზე სწავლა დისტანციურადაც მოახერხა. ამასთან, აღმოაჩინა, რომ ძველი ფილმების ყურება უყვარს და გიტარაზე დაკვრასაც ონლაინ, დამოუკიდებლად სწავლობს

ჩართულია

ქეთა

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ქეთა ჩართეს კომპიუტერთან ერთად გადაცემულ საგანმანათლებლო პროგრამების სიას ცნობისმოყვარეობით ჩაუჯდა - რამე კონკრეტულ საგანში დახმარება არ სჭირდებოდა, უბრალოდ შთაგონების წყაროს ეძებდა. მაშინ ჩართეს ერთ-ერთი პარტნიორი, @Digital bus-ი, ჩვენს ბენეფიციარებს უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობდა ინტერიერის დიზაინში და ქეთაც მაშინვე ჩაეწერა. 

ქეთა კურსზე ყველაზე პატარაა, მაგრამ მონდომებისა და შემოქმედებითი ნიჭის წყალობით ყველა სირთულეს ლახავს და ლექტორის ქებასაც იმსახურებს. საკუთარი პროგრესით თავადაც კმაყოფილია - ფიქრობს რომ, იპოვა ის, რისი კეთებაც მართლა აინტერესებს და აპირებს, ინტერიერის დიზაინი პროფესიად აქციოს. როგორც მოგვიყვა, ადრე კერვის კურსებზეც დადიოდა, რასაც დღემდე აქტიურად იყენებს საკუთარი სამოსის დიზაინის შესაცვლელად და გასახალისებლად, ახლა კი მის შემოქმედებით ნიჭს ახალი გასაქანი მიეცა.

ქეთამ უკვე მოიძია ყველა ის უნივერსიტეტი და კურსი, სადაც შეძლებს, ინტერიერის დიზაინი უკეთ შეისწავლოს - გაარკვია, რა საგნები ბარდება და როგორ უნდა მოემზადოს. აღფრთოვანებას მეგობრებსაც უზიარებს და ერთ-ერთი მათგანი აპირებს კიდეც, მას ამ პროფესიულ თავგადასავალში შემოურთდეს - ერთად ეცნობიან სხვადასხვა მიმდინარეობებს, ოცნებობენ და წარმოიდგენენ, როგორი იქნება, გქონდეს ისეთი პროფესია, რომელიც მოგწონს და შეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება. ამ მიზნის მისაღწევად კი მხოლოდ მონდომება და ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენება სჭირდებათ. იხილეთ სრულად

ჩართულია

ლაშა

ბავშვობაში თქვენც ოცნებობდით მეზღვაურობაზე? წარმოიდგენდით როგორ მიაპობს თქვენი გემი ხან ბობოქარ ტალღებს, ხანაც კი მშვიდ ოკეანეში მილივლივებს? გიფიქრიათ როგორია ცხოვრება, როცა შენი ყოველდღიურობა ხან საზღვაოსნო ფუსფუსს, ხანაც კი ახალ-ახალი ქალაქების, პორტების, კულტურების, ხალხის გაცნობას მოიცავს? გაიცანით ლაშა - ბიჭი, რომელსაც არამხოლოდ უოცნებია მეზღვაურის ცხოვრებაზე, არამედ დეტალურად აქვს ნაფიქრი, როგორ აქციოს ბევრის ბავშვობის ფანტაზია რეალობად.

ლაშა ქობულეთში დაიბადა და გაიზარდა. ახლა კი სკოლის დამთავრებისთვის და საზღვაო აკადემიაში გამოცდების ჩაბარებისთვის ემზადება. მისი მომავლის გეგმების ინსპირაციას ინტერნეტს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ - ეს ოცნება ზღვის, მეზღვაური მეგობრების და ნათესავების შემხვედვარეს გაუჩნდა, თუმცა ინტერნეტი ოცნების ასრულებაში  ეხმარება. ინფორმაციის მოძიება, გამოცდებისთვის მომზადება, ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება - ყველა ის ნაბიჯი, რაც მეზღვაურობამდე აშორებს, კომპიუტერის საშუალებით აქვს შესასრულებელი. ლაშაც მონდომებით ეკიდება ამ მისიას - აკადემიის გზაზე მიმავალს, ინტერნეტი ნავიგაციაში ეხმარება, კომპასის მაგივრობას კი ფანჯრიდან დანახული ზღვა და მეზღვაურობის ოცნება უწევს.

ჩართულია

ნიკა

გაიცანით ნიკა - თვითნასწავლი მუსიკოსი და ნამდვილი გიტარისი ლაგოდეხიდან!

18 წლის ნიკასთვის მუსიკალური ინსტრუმენტები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფულს მხოლოდ ერთი მიზნისთვის - ელექტრო გიტარის საყიდლად - აგროვებდა და გამოუვიდა კიდეც. 2022 წელი ნიკასთვის ახალი ეტაპია - თბილისში გადმოდის და სჯერა, რომ თავისი ბენდის შექმნის ოცნებას ფრთებსაც შეასხამს. მხარში კი მისი მეგობრები, მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები”, ამოუდგებიან. ლაგოდეხის ნაყინის ფესტივალზე ასობით მაყურებლის წინაშე მათთან ერთად ნიკამაც დაუკრა! სხვათაშორის, მუსიკას თავადაც წერს. 

ინტერნეტი ნიკასთვის მუდმივი სიახლეების წყაროა და მის მთავარ ინტერესებში ცოდნას სწორედ აქედან იღრმავებს. აღმოაჩინა ახალი თანამოაზრეები - მუსიკასთან ახლოს მყოფი ადამიანები. გვიყვება, რომ მთელი აბიტურიენტობის წელი ონლაინ მოუწია მასწავლებლებთან მომზადება და კომპიუტერის გარეშე სწავლა შეუძლებელი იქნებოდა.

ბავშვობიდან მსახიობობაც სურს. მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხში ამ მიმართულებით ვერ განვითარდა, ჰოლივუდში წასვლა გულში ოცნებად მაინც აქვს! თან, იმას ამბობს, რომ სცენაზე მუსიკოსის გარდა, მსახიობიც ვარო. 

შეიძლება ნიკას მუსიკალური განათლებით დაინტერესდით, თუმცა რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ნიკას არც მასწავლებელი ჰყოლია და არც აკორდების და ნოტების ცნობა იცის მუსიკალური სიმბოლოებით. ალბათ, საქმე ნიჭთან და აბსოლუტურ სმენასთან გვაქვს. 🤔 მოკლედ, ნიკას როკვარსვკლავობას ერთად დაველოდოთ!

ჩართულია

ნინი

18 წლის ნინი ლაგოდეხში ცხოვრობს და ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობს, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპიუტერი აქვს, ფოტოშოპსა და ილუსტრატორს დაეუფლა, შეკვეთებიც მიიღო და ფულიც გამოიმუშავა. 

ნინის თვლის, რომ ინტერნეტის დახმარებით საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდა - მისი ინტერესები მხოლოდ მედიცინით აღარ შემოიფარგლება. ფრილანსინგზე, სამსახურის ეფექტურ მოძიებაზე, ინტერიერის დიზაინსა და ვებდიზაინზე საგას ტრენინგები გაიარა. lingwing.com-ზე თურქული B1 დონეზე შეისწავლა და ჩინურზეც ვარჯიშობს - უკვე 20 იეროგლიფი იცის. 

წელს აბიტურიენტია და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ემზადება - ქირურგობა ან პედიატრობა სურს. ძალიან მიზანდასახულია, თანაც ინტერნეტით მასალების მოძიება უადვილდება. ლეპტოპი მის პატარა ძმასაც ეხმარება. გვჯერა, რომ ნინი ინტერნეტსა და კომპიუტერს კიდევ ბევრჯერ გამოიყენებს სასარგებლოდ! 

ჩართულია

სევერიანი

სევერიანი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული და ინტერესიანი ბენეფიციარია, რომელიც ინტერნეტით განათლების მიღებას აუცილებლად მოგანდომებთ! 

სევერიანი ჩართვიდან რეკორდულ დროში „მურწყუს“ ათასობით მოსწავლეს შორის კვირის და თვის ლიდერი რომ გახდა!  

ახალი რაღაცების სწავლა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინტერნეტი აქვს, დავალებასთან ერთად დამატებით ინფორმაციასაც იძიებს და გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანს ხდის. ყველაზე მეტად ტექნიკური საგნები, გეოგრაფია და ისტორია აინტერესებს.

სწორედ ამ საგნების ოლიმპიადებმა მოახვედრა ბაქსვუდის საზაფხული ბანაკში, სადაც ინგლისურის გაუმჯობესებასთან ერთად უამრავი მეგობარი შეიძინა და როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ბანაკელი, ინგლისში წასვლითაც კი დაჯილდოვდა!

ვინმეს წლის დასაწყისში რომ ეთქვა, იმოგზაურებ და შენი საყვარელი ფეხბურთის გუნდის სტადიონზეც მოხვდებიო, არაფრით დაუჯერებდა, მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ არის! წელს სევერიანმა საფრანგეთშიც იმოგზაურა „ჩართეს“ დონორების ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალზე და სრულად მოინუსხა მოგზაურობის სიყვარულით. 

წელს სევერიანი აბიტურიენტია. წარმატებული სტუდენტი რომ გახდება, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, მაგრამ ძალიან გვაინტერესებდა, ამდენი ინტერესისა და გატაცების მქონე მოსწავლე რა მიმართულებას აირჩევდა. თურმე, ამ ყველაფერთან ერთად, ბავშვობიდან უყვარს ხატვა და საკმაოდ კარგადაც გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ ხატვის წრეზე თავისი სოფლიდან ჩოხატაურში რეგულარულად ვერ ახერხებს სიარულს.

ჰოდა, სევერიანმა ხატვის, ტექნიკური საგნებისა და გეოგრაფიის იდეალური სინთეზი იპოვა - არქიტექტურა! ამბობს, რომ ერთი სული აქვს, ამ სფეროს საფუძვლიანად შესწავლას როდის დაიწყებს.

ჩვენ კი ერთი სული გვაქვს, მის დაპროექტებულ ქალაქებს როდის ვიხილავთ!

 
ჩართულია

თამარი

თამარი ჩვენი ყველაზე აქტიური ბენეფიციარია, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.

არა, კი არ აპირებს, უკვე იბრძვის კიდეც. „რამდენიმე მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ უზრდელი ვარ იმის გამო, რომ ხმამაღლა ვაფიქსირებ, როცა უსამართლობას ვხედავ. არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა, თუ ვხედავ, რომ ვიღაც სხვას ამცირებს, ან ცუდად ექცევა, ვერ ვითმენ, რომ არ ჩავერიო”. იმასაც დასძენს, რომ მსგავს სიტუაციებში გამოხატვის ფორმასაც აქვს მნიშვნელობა - „ძალიან იმპულსური ვარ, მაგრამ ვცდილობ, მოთმინებით ავუხსნა, რატომ მგონია მათი ქცევა არასწორი.”

უსამართლობასა და დანაშაულთან ბრძოლა პროფესიულად აქცია - იურიდიულზე ჩააბარა, რომ მერე გამომძიებელი ან აგენტი გახდეს. ადრე კადეტთა სკოლაში ჩაბარებაზე და ჯარისკაცობაზე ვფიქრობდი, მაგრამ მგონია, რომ ასე უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთებას მოვახერხებო, თუმცა იმასაც განიხილავს, რომ ერთიც გააკეთოს და - მეორეც. 

ახლა მოდელირებულ სასამართლო პროცესებში და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტშია ჩართული, რაც მომავალ იურიდიულ კარიერაშიც დაეხმარება. „ჩართეს“ გადაცემული კომპიუტერი და ინტერნეტი მეცადინეობის გარდა განსაკუთრებით სწორედ ამაში ადგება - ადრე ტელეფონში უწევდა ფაილების გადმოწერა და მუშაობა, მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებშიც ნაკლებად ახერხებდა ჩართვას და ინფორმირებულიც ნაკლებად იყო. ახლა მეტად მობილიზებულია და დროსაც უკეთ ანაწილებს.

ინტერნეტს თავისუფალ დროსაც იყენებს - ფილმების ყურება უყვარს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური და დეტექტიური ჟანრის ფილმები მოსწონს. ჰგონია, რომ საკუთარი გამოცდილების გარდა ფილმებიც გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში და მათი ქცევების უკეთ გაგებაში.

თამარი ფიქრობს, რომ როცა აქტიური ხარ, თავად ხდი შენს ცხოვრებას საინტერესოს. რაც უფრო მეტად გამოხატავ საკუთარ თავს, მით უფრო მეტმა ადამიანმა იცის შენი შესაძლებლობების შესახებ და გარშემოც უფრო მეტი ისეთი ადამიანი გყავს, რომელსაც შეგიძლია, დაეყრდნო. თამარს უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ის ფიქრობს, რომ ერთმანეთისადმი გამოხატული კეთილგანწყობა და ყურადღება, ჩვენ მიერ გაცემული დადებითი ემოციები ყოველთვის გვიბრუნდება უკან - შეიძლება, ცოტა გვიან, მაგრამ ყოველთვის. იხილეთ ვიდეო

ჩართულია

თორნიკე

ყველაფერი 2016 წელს დაიწყო, როცა სკოლაში სამ საინტერესო პროექტში ჩართვა შესთავაზეს. თორნიკე სამივეში გაწევრიანდა - სმარტ კლუბშიც, ჟურნალისტიკის წრეშიც და ევროკავშირის შესახებ პროექტშიც. სწორედ აქ მიხვდა, რომ ჟურნალისტიკა ძალიან იზიდავს და ასე დაიწყო: სასკოლო რადიო, გაზეთი, ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან, ჟურნალისტებთან, ტელევიზიების “შიდა სამზარეულოში” შეხედვა, გადაცემის ჩაწერები, ტელევიზიაში საზაფხულო მოხალისეობა... 

ამ საქმიანობას აქამდე სკოლის კომპიუტერის დახმარებით მისდევდა, ხანდახან მეგობრების სახლებიდანაც მუშაობდა. ახლა მას უკვე საკუთარი კომპიუტერი აქვს და წარმოგიდგენიათ, რა ამბებს დაატრიალებს?!

ახლა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სწავლობს, პარალელურად ესპანურისა და 3D დიზაინის შესწავლა სურს. საყვარელ საფრანგეთში კი კომპიუტერის მეშვეობით "დამოგზაურობს".

სკოლის პერიოდში თორნიკე პროექტს გაუძღვა, რომელმაც ჟურნალისტიკით დაინტერესებული ბავშვები გააერთიანა და საშუალება მისცა,  როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული განათლება მიეღოთ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გადაცემები ჩაეწერათ. თორნიკე განათლების ხელმისწავდომობის ქომაგია და ფიქრობს, რომ მსგავსი პროექტები ფინანსურ მოგებას არ უნდა ემსახებურებოდეს. მისი აზრით, უსამართლობაა, რომ  მათ, ვისაც განათლების მიღება სურთ, ფინანური დაბრკოლებების გამო ეს უფლება ეზუღდებათ.

თორნიკეს მომავალშიც დიდი გეგმები აქვს - საზღვარგარეთ უნდა სწავლის გაგრძელება, ჟურნალისტიკის გარდა მარკეტინგითაცაა დაინტერესებული, მუდმივად სიახლეების, ახალი პროექტებისა და ლექციების ძებნითაა დაკავებული და ეს ყველაფერი უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლია. იხილეთ სრულად

 
ჩართულია

მაია

„მე ვარ მაია, 17 წლის. ამჟამად მეთერთმეტეკლასელი ვარ, ნახევრად აბიტურიენტი. მყავს 13 წლის ძმა, რომლის მეცადინეობის ტვირთიც მე ვიკისრე. ვცდილობ, სამაგალითო ადამიანი და მოსწავლე ვიყო და, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის საამაყო. მიყვარს ადამიანები, ახალი მეგობრები, საკმაოდ მალე შევდივარ ადამიანთან კონტაქტში. მიყვარს ცხოველები, მყავს ძაღლი, რომელსაც ზოი დავარქვი.

მიყვარს წიგნების კითხვა. თითოეული წიგნი მამოგზაურებს ახალ განზომილებაში, საიდანაც უსაზღვრო ემოციებით ვბრუნდები. საკმაოდ ემოციური ვარ, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ხშირად მიტირია წიგნის დასასრულზე საათობითაც კი. საერთოდ, წიგნებმა ითამაშა უდიდესი როლი ჩემს ფორმირებაში. ამჟამად ვკითხულობ ჰარპერ ლის წიგნს „ნუ მოკლლავ ჯაფარას“. ვთვლი, რომ ყველაზე ჰუმანური და კარგი წიგნია. 🎞 ძირითადად, ფილმები არ მიყვარს, თუმცა ამ ბოლო დროს ინტერნეტისა და კომპიუტერის საშუალებით წაკითხულ წიგნებზე გადაღებულ ფილმებს ვუყურებ, რაც ძალიან დიდი ემოციებით მავსებს და, ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესოცაა, როგორ დაემთხვევა შენს გონებაში წარმოდგენილი სიუჟეტი ფილმის ეკრანიზაციას.

ინტერნეტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და იქნება. უამრავი ინფორმაციის მიღება შეგიძლია სულ რამოდენიმე წამში. ინტერნეტი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა, მაგალითად უცხო სიტყვათა განმარტებების მოძიებაში, რომლებიც აქამდე არ ვიცოდი და საკმაოდ დისკომფორტს მიქმნიდა. ზოგადად, როცა რაღაც არ ვიცი, ძალიან მრცხვენია და დისკომფორტს ვგრძნობ, ამიტომაც ვცდილობ, ყველაფერი მოვიძიო ინტერნეტის საშუალებით, წავიკითხო და დავიმახსოვრო. ინტერნეტის საშუალებით გავარკვიე, ასევე, ამა თუ იმ უნივერსიტეტსა და პროფესიაზე გარკვეული ინფორმაცია, რაც საკმაოდ გამომადგა.

სამომავლოდ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, რადგან ვთვლი, რომ აუცილებელია, უფრო მეტი ცოდნა მივიღო, ავიწყო კარიერა და არა მარტო ჩემს თავს, არამედ ჩემ გარშემო მყოფთაც ვარგო რამე. ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, რა მინდა, თუმცა ვფიქრობ, ჩემი ადგილი სასამართლო დარბაზშია.“ იხილეთ სრულად

ჩართულია

ტასო

დღეს ანასტასიას (ტასოს) გაგაცნობთ - გამორჩეულად ხალისიან, ენერგიულ და მიზანდასახულ გოგოს!

ტასომ ბავშვობიდან იცოდა, რომ ხელში მაკრატელი უნდა სჭეროდა - თავიდან სამოსის დიზაინრობა უნდოდა, შემდეგ კი - სტილისტობაც. წელს სკოლას ამთავრებს და შეუძლია, ბავშვობის ოცნებები სერიოზულ კარიერულ გეგმად აქციოს და პროფესიული სტილისტი გახდეს (ვინ იცის, იქნებ - დიზიანერიც). 

უკვე გადაწყვიტა, რომელ კოლეჯში შეიტანს საბუთებს, მანამდე კი დროს არ კარგავს - youtube-ის ვიდეობით ეუფლება სხვადასხვა ტექნიკას, მერე კი ოჯახის წევრებზე ატარებს ექსპერიმენტებს. მოკლედ, საოცრად მონდომებულია და მისი ხელმარჯვეობითაც ყველა ძალიან კმაყოფილია!

ტასო სულ ახლახანს დაგვიბრუნდა საფრანგეთიდან, თეატრალური ფესტივალითა და მასპინძლებით აღფრთოვანებული და მოგზაურობაზე შეყვარებული! ის და ჩვენი სამი ბენეფიციარი „ჩართეს“ ფრანგული პარტნიორისა და დონორის (Secours populaire du rhone) დაფინანსებით გავამგზავრეთ. როგორც ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა გვიამბეს, ტასომ ყველა თავისი ორგანიზებულობითა და მობილიზებულობით მოხიბლა. დარწმუნებულები ვართ, ეს თვისებები ძალიან გამოადგება, როცა საკუთარ სალონს გახსნის! იხილეთ სრულად

ჩართულია

მარეხი

მარეხი 2020 წელს ჩავრთეთ -  სწორედ მაშინ, ყველაფერი რომ გაჩერდა და პროდუქტიულობის, სამყაროსთან წვდომის ერთადერთ საშუალებად ინტერნეტი რომ დაგვრჩა. ამ დროს მარეხი აბიტურიენტი იყო და ინტერნეტი რომ არა, ვერც გაკვეთილებს დაესწრებოდა, ვერც გამოცდებისთვის მოემზადებოდა და მისი აზრით, ვერც სტუდენტი გახდებოდა. ხანის აკადემიასთან ერთად მისი სკოლის ყველა მასწავლებელმა უეცრად ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლა. მარეხმაც ბეჯითად გამოიყენა ყველა ონლაინ რესურსი, ტესტი და გაკვეთილი და დღეს ახალი ცხოვრებით ცხოვრობს  - უკვე სტუდენტია. 

მარეხი მომავალი არქიტექტორია. გოეთეს ეთანხმება, რომ არქიტექტურა დროში გაყინული მუსიკაა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტ “ნაწარმოებს” გაეცნოს, მეტი იმოგზაუროს - თუნდაც ვირტუალურად და შთაბეჭდილებები პროფესიულ შთაგონებად აქციოს. ვინაიდან მასალების უმეტესობა ინგლისურადაა, მარეხი ინგლისურშიც აქტიურად მეცადინეობს - ხან აპლიკაციების დახმარებით, ხანაც თუნდაც ფილმების ინგლისურად ყურებით. 

სწავლის გაგრძელება იტალიაში უნდა, რაც, ალბათ, არქიტექტურის ყველა სტუდენტის ოცნებაა. მაგრამ მარეხი მხოლოდ ოცნებით არ შემოიფარგლება - ინგლისურთან ერთად, იტალიურსაც სწავლობს და ერთი სული აქვს, როდის ექნება საშუალება, პირადადაც ნახოს ხელოვნების ის ნიმუშები, რომლებსაც ვირტუალურად უკვე კარგად იცნობს.

მხარდამჭერები

ნინო გოგალაძე
ნინო გოგალაძე

რედაქტორი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

"ჩემთვის „ჩართეს“ დონორობა არის გრძნობა, რომ ახალგაზრდების განათლებაში თუნდაც უმცირესი წვლილი შემაქვს." იხილეთ სრულად 

რედაქტორი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ნინო ნანიტაშვილი
ნინო ნანიტაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი, Innovation Support Fund

„ჩართეს დონორობა არის უმარტივესი გზა, იქონიო გავლენა ერთი მოსწავლის ცხოვრებაზე, მისცე მას განვითარების საშუალება.“ იხილეთ სრულად

აღმასრულებელი დირექტორი, Innovation Support Fund

ნიკოლოზ ალავიძე
ნიკოლოზ ალავიძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

„ამ პროექტში მონაწილეობა არის დიდი პატივი ყველასთვის და მეც გამიმართლა. ინტერნეტი არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიც.“ იხილეთ სრულად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ელენე ლაცოშვილი
ელენე ლაცოშვილი

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი

„რეპორტაჟებიდანაც ჩანს, თუ როგორ გულით უდგება გუნდი ამ მისიას. მარტივად შეგიძლიათ გახდეთ მნიშვნელოვანი საქმის ნაწილი.“ იხილეთ სრულად

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი

თათია მემარნიშვილი
თათია მემარნიშვილი

იაპონური ენის ლექტორი, თსუ

"ძალიან მინდა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას, ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. 21-ე საუკუნეში განათლების მიღება ამის გარეშე ურთულესია. არ უნდა ჩამოვრჩეთ მსოფლიოს". იხილეთ სრულად

იაპონური ენის ლექტორი, თსუ

მელანო დურმიშიძე
მელანო დურმიშიძე

ბიზნეს განვითარების მენეჯერი, Sarke Studio

„ვფიქრობ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს ზრდაში. კომპიუტერი და ინტერნეტი კი ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.“ იხილეთ სრულად

ბიზნეს განვითარების მენეჯერი, Sarke Studio

თაკაკა აბრამია
თაკაკა აბრამია

კრეატიული დირექტორი, სტუდია იმპულსი

„ვთვლი, რომ ეს პროექტი ჩვენი ქვეყნის ნათელი მხარეა. „ჩართეზე“ ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა. ჩემით ვირჩევ, რაზე უნდა დაიხარჯოს თანხა.“ იხილეთ სრულად

კრეატიული დირექტორი, სტუდია იმპულსი

ნაინო ქაშიბაძე
ნაინო ქაშიბაძე

მარკეტინგის დირექტორი, „Epam Georgia“

„ჩართეთი ვაკეთებთ ინვესტიციას უკეთესი გარემოს შესაქმნელად, რომ ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა და შემდეგ ჩვენმა შვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ.“ იხილეთ სრულად

მარკეტინგის დირექტორი, „Epam Georgia“

მარიამ საღარეიშვილი
მარიამ საღარეიშვილი

ეკონომისტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

„ინტერნეტი და კომპიუტერი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მომინდა, სხვა ახალგაზრდებსაც დავხმარებოდი ამის მიღებაში.“

ეკონომისტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ლალი ოქროშიძე
ლალი ოქროშიძე

დოქტორანტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

მომწონს, რომ ვხედავ რაზე იხარჯება სახსრები; მესამე, ბავშვები და მათი ისტორიები მაძლევენ იმის შეგრძნებას, რომ ისინი არ დაკარგავენ დროს ტყუილად ინტერნეტში. იხილეთ სრულად

დოქტორანტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

გიორგი გოგიჩაიშვილი
გიორგი გოგიჩაიშვილი

ასორტიმენტის განვითარების ხელმძღვანელი, შპს "თერმორუმი"

იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობრებიც გახდებიან აღნიშნული პროექტის დონორები. ჩაერთეთ პროგრამაში, მივცეთ მაგალითი სხვებს და გავიბედნიეროთ თავი სიკეთის კეთებით. იხილეთ სრულად

ასორტიმენტის განვითარების ხელმძღვანელი, შპს "თერმორუმი"

მიკო შახდინარიანი
მიკო შახდინარიანი

პროექტის კოორდინატორი, თბილისი პრაიდი

მომწონს პროექტის იდეა და ვენდობი თქვენს გუნდს. თუ აფასებთ ინტერნეტს, როგორც რესურსს და თვლით, რომ იგი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, აუცილებლად დაუჭირეთ მხარი. იხილეთ სრულად

პროექტის კოორდინატორი, თბილისი პრაიდი

მარიკა ზაქარაძე
მარიკა ზაქარაძე

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

თუ გჯერათ ან გსურთ, რომ  ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ამ საქმეში თქვენთვის უცნობი პატარა ადამიანების მხარდაჭერით შეგიძლიათ, განუზომელი წვლილი შეიტანოთ.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

ლაშა ქერდიკაშვილი
ლაშა ქერდიკაშვილი

უფროსი მრჩეველი, "Ernst & Young Germany"

როგორ შეგვიძლია, ინდივიდუალურად რაიმე შევცვალოთ? ჩართეთი ამ კითხვაზე ვიპოვე პასუხი, რადგან ზუსტად ის პროექტია, სადაც თუნდაც 1 ლარით დიდი საქმის კეთება შეგვიძლია.

უფროსი მრჩეველი, "Ernst & Young Germany"

მარი ნიკურაძე
მარი ნიკურაძე

OC Media-ს თანადამფუძნებელი, დირექტორი

#მეჩავრთე რადგან კომპიუტერი და ინტერნეტი აუცილებლად გაზრდის მოსწავლეების არა მხოლოდ სწავლის ხარისხს, არამედ ზოგადად მათ მსოფლმხედველობასაც. იხილეთ სრულად

OC Media-ს თანადამფუძნებელი, დირექტორი

მაო გალუაშვილი
მაო გალუაშვილი

ვეტერინარი, აგრარული უნივერსიტეტი

„საიტის გაცნობისთანავე ჩავერთე. დავინახე ის ორგანიზებულობა, რაც მაკლდა. პლატფორმა მარტივი და გამჭვირვალეა, მაშინვე გამიჩნდა ნდობის ფაქტორი." იხილეთ სრულად

ვეტერინარი, აგრარული უნივერსიტეტი

დავით შერვაშიძე
დავით შერვაშიძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

„ძალიან კარგი პროექტია. ეს არის თქვენი წვლილი ქვეყნის განვითარებაში, იმიტომ რომ წარმატებული მოქალაქეები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას!“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

გიორგი წიფიანი
გიორგი წიფიანი

აღმასრულებელი დირექტორი, GT Network

„ინტერნეტი საუკეთესო რამაა ბორბლის შემდეგ, რაც კი გამოუგონია კაცობრიობას. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებ.“

აღმასრულებელი დირექტორი, GT Network

თეა სხიერელი
თეა სხიერელი

მოწვეული ლექტორი, ჯიპა

"ნუ მოიკლებთ ბედნიერებას, მიანიჭოთ ახალგაზრდებს სიხარული, მათთვის ხელმისაწვდომი გახადოთ ინტერნეტი და ამით განვითარების შანსი მისცეთ. იხილეთ სრულად"

მოწვეული ლექტორი, ჯიპა

მე ჩავრთავ

თქვენ გახდებით 5411-ე მხარდამჭერი