ბევრი მოსწავლე ფიქრობს, რომ აკადემიური წარმატება მათი თანდაყოლილი ინტელექტის დონეზეა დამოკიდებული — ფიქსირებულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, რომლითაც ისინი დაიბადნენ.
ამ მითს კიდევ უფრო აძლიერებს გონებრივი შესაძლებლობების შემმოწმებელი IQ ტესტების გავრცელება. სინამდვილეში კი, IQ ტესტებს საკმაოდ სადავო ისტორია აქვთ და ინტელექტის სრულფასოვან შეფასებას ხშირად ვერ ახერხებენ. ბინე-სიმონეს სკალა, თანამედროვე IQ ტესტის წინამორბედი, ზოგადი ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფართოდ გავრცელებული ტესტია. 2013 წლის სტატიის მიხედვით, ამ ტესტს კონკრეტული მიზანი ჰქონდა — დაედგინა, მოსწავლეს ინტელექტის შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა თუ არა. ბინე-სიმონეს სკალა არ იყო შექმნილი, როგორც ზოგადი ინტელექტის საზომი.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის IQ ტესტის შედეგები დროთა განმავლობაში შესაძლოა საგრძნობლად შეიცვალოს. 2011 წლის კვლევამ, რომლის ფარგლებშიც მოზარდების IQ-ს ტესტირება ორ სხვადასხვა დროს ჩატარდა, დაადგინა, რომ მათი შედეგები, 4 წლის მანძილზე, შეიძლება 20-მდე ქულით შეცვლილიყო — რაც IQ ქულის 50-ე და 90-ე პროცენტილებს შორის სხვაობის ტოლფასია. „ცნობილია, რომ IQ ტესტები მგრძნობიარეა ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორიცაა მოტივაცია და სწავლება“, — განუცხადა კოგნიტიურმა მეცნიერმა სტივენ პიანტადოსიმ ჟურნალ Discover-ის.
მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ — მოსწავლეებმა შეიძლება ერთი ტესტის შედეგი საკუთარი ინტელექტის „განაჩენად“ აღიქვან. ამიტომ ინგლისურის მასწავლებელი კიმბერლი ჰელერიხი გვირჩევს, მოსწავლეებს დროდადრო მიეცეთ გამოცდების ხელახლა ჩაბარების შესაძლებლობა. ეს ეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებაში და ამავე დროს თვითშეფასების გაუმჯობესებაში. საინტერესოა 2024 წლის კვლევაც — აღმოჩნდა, რომ რთული და მარტივი ამოცანების შერევა მოსწავლეებს უფრო თავდაჯერებულს ხდის. მარტივმა ამოცანებმა საგრძნობლად გააუმჯობესა მათი დამოკიდებულება რთული დავალებებისადმი.
ამრიგად, ინტელექტი არ არის რაღაც საბოლოოდ განსაზღვრული მოცემულობა, რომელიც არ იცვლება — მხარდამჭერი გარემო და მიდგომები საშუალებას გვაძლევს, განვავითაროთ ჩვენი გონებრივი უნარები.
წყარო: https://www.edutopia.org/article/learning-myths-students-believe |
|