Techworld with Nana




 
 

ინტერვიუ ნანასთან - DevOps იუთუბერთან 10 მილიონი ნახვით

ავტორი: რუსუდან ჯაყელი

DevOps-ი დღეს IT სამყაროსთვის იგივეა, რაც ინდუსტრიული რევოლუციისთვის ჰენრი ფორდის კონვეიერი იყო. 

DevOps-ი კონკრეტული ტექნოლგიებისა და პრაქტიკების გაერთიანებაა. მისი წყალობით დეველოპმენტ და საოპერაციო გუნდს შეუძლია, იმუშაოს გაცილებით უფრო სწრაფად, ინოვაციურად, მეტი სტაბილურობით, კონტროლით, ექსპერიმენტებით. ზოგი კომპანია იმასაც კი აცხადებს, რომ DevOps-ის წყალობით კოდს 200-ჯერ უფრო სწრაფად უშვებს.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ DevOps-ის დანერგვა ყველა IT კომპანის სურს. მაგრამ ერთი პრობლემაა - DevOps-ის სწავლა რთულია.

საჭიროა მარტივი, სიღრმისეული კურსები, რომლებითაც ადამიანები DevOps ტექნოლოგიების ათვისებას, პროფესიულ გადამზადებას შეძლებენ. 

სწორედ ასეთ 6-თვიან, $1490-იან კურსს - უფრო ზუსტად „ბუთქემფს“ - გვთავაზობს 31 წლის ნანა ჯანაშია. 

ნანამ ამ სფეროს სწავლება YouTube-ზე თითქმის ორი წლის წინ დაიწყო. დღეს მის არხს - TechWorld with Nana - 282 ათასი გამომწერი და 10 მილიონი ნახვა აქვს. გამომწერების რაოდენობით ის მსოფლიო იუთუბერების საუკეთესო 1%-შია. ნანას, როგორც DevOps ექსპერტსა და ინფლუენსერს, საკუთარი პროდუქციის გარეკლამებას ტექნოლოგიური სფეროს გიგანტები თხოვენ. მოკლედ, She’s a rockstar!

ვიეჭვე, რომ ინტერნეტს მის თავგადასავალში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა და ვთხოვე, გამოცდილება გაეზიარებინა.

 

არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ ნანას სუპერძალა თვითსწავლის უნარია. ვფიქრობ, არც ორგანიზებულობა, ამბიცია, ცნობისმოყვარეობა და მიზანდასახულობა აკლია. Irex-ით საზღვარგარეთ სწავლა რომ მოინდომა, ინგლისური დამოუკიდებლად, პატარა ბიბლიოთეკის წიგნებითა და ლექსიკონით ისწავლა. ავსტრიაში მარკეტინგის მიმართულებით ბიზნეს ფაკულტეტის დამთავრებისას სამსახურის პოვნა რომ გაუჭირდა, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის სწავლას შეუდგა. მალევე IT ინჟინრად აიყვანეს. სამსახურშიც სწორედ იმ სფეროს დაეუფლა, რომელსაც ყველა უფრთხოდა - DevOps-ს. 

ვირტუალური მოსწავლეები კომპლიმენტებს არ აკლებენ. როგორც ნანა ამბობს, მოსწავლეების მიმართ ემპათია აქვს და შეუძლია, თავი მათ მდგომარეობაში ჩააყენოს, წარმოიდგინოს, რა შეკითხვები ექნებოდა მათ ადგილას, შემდეგ კი სიღრმისეულად და მარტივად ახსნას ეს საკითხები.

ნანას 6-თვიანი „ბუთქემფის“ ფასი მომხმარებლებისთვის $990-დან $1490-მდე მერყეობს, თუმცა „ბუთქემფს“ ხშირად კომპანიებიც ყიდულობენ თანამშრომლების გადასამზადებლად. ძვირია, თუმცა, როგორც ნანას საიტზე ჩანს, ეს ფასი არაფერია თუნდაც დამწყები DevOps ინჟინრების ხელფასებთან შედარებით. 

 

ნანამ და მისმა ავსტრიელმა პარტნიორმა იმდენად საჭირო, მოთხოვნადი პროდუქტი შექმნეს, რომ მხოლოდ ორგანულად - YouTube-ის წყალობით - იზრდებიან. 

დღეს ნანას აზრს ეკითხებიან როგორც ამ სფეროს მომხმარებლები, ისე მწარმოებლები. მაგრამ განვითარებას არ შეწყვეტს - როგორც ამბობს, ყოველ კვირა ახალ ტექნოლოგიას სწავლობს. სფეროს წამყვან კომპანიებთან პარტნიორობასაც განიხილავს.

ეჭვებიც გამიმართლდა - ნანაზე კარგად ინტერნეტის მნიშვნელობა, ალბათ, ცოტას თუ ესმის. ჩვენი პროექტიც ამიტომ მოეწონა - გაუხარდა, რომ ინტერნეტიზაციის პრობლემაზე ვსაუბრობთ.

უკვე დიდი ხანია, საქართველოდან წასულია, თუმცა დარწმუნებულია, რომ თავისი უზარმაზარი პლატფორმით იქიდან უფრო შეძლებს მშობლიური ქვეყნის განვითარებას. „ჩართეს“, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციას, ეს ყველაზე კარგად ესმის - ჩვენი პროექტის ზოგიერთი უდიდესი მხარდამჭერი და ქომაგიც ხომ სწორედ განვითარებულ ქვეყნებში, ტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდები არიან. 

 
გააზიარეთ სტატია გააზიარეთ სტატია
თითო გაზიარებისას პროექტს საშუალოდ 3 ლარის შემოწირულობა ემატება. 
 
დაუფინანსეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს.
მე ჩავრთავ