ავტორი: რაზმიკ ბადალიანი
ინგლისურის საჭიროების მტკიცება შეიძლება ზედმეტი მოგეჩვენოთ. გაზვიადების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ — საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ ინგლისურის ცოდნა საჭიროა თანამედროვე განათლების მიღებისთვის. ეს განათლების პოლიტიკაშიც ჩანს — ინგლისური ყველა საფეხურზე ისწავლება. თუმცა, ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ საქართველოში ინგლისურის სწავლების დღევანდელი ხარისხი საკმარისი არ არის.
რატომ არ არის საკმარისი? ეს ჩანს შედეგებიდან. მაგალითად, ის თუ რა ტემპით იზრდება ინგლისურის მცოდნეთა რაოდენობა საქართველოში. კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით 2008 წელს ინგლისური რაღაც დონეზე მაინც 28%-მა იცოდა, 2019 წელს — 41%-მა (გრაფიკი #1). ერთი შეხედვით საგრძნობი პროგრესია. თუმცა, წლიდან წლამდე საშუალოდ 1,4%-ით იზრდება ინგლისურის მცოდნეთა რაოდენობა. ამ ტემპით 100%-ს 2070 წელს მივაღწევთ. 2070 წელს!
გრაფიკი #1
ვითარება უფრო საგანგაშოა. 2019 წლის 41% ინგლისურის ცოდნის ერთ დონეს არ ასახავს; სამი დონის ჯამია. დაწყებით დონეზე ინგლისურს ფლობს 19%, საშუალო დონეზე — 16%, ხოლო მაღალ დონეზე სულ რაღაც 6% (გრაფიკი #2). როგორ ფიქრობთ, ამ ტემპით, რომელ წელს მივაღწევთ იმ ნიშნულს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 100%-ს ინგლისური მაღალ დონეზე ეცოდინება? აქ დრო უკვე წლებით კი არა საუკუნეებით შეგვიძლია დავითვალოთ - 2375 წელს. დღეისთვის არსებული ტემპით სამ ნახევარი საუკუნე დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად!
გრაფიკი #2
ასეთმა მონაცემებმა მიგვიყვანა აზრამდე — საქართველოში ინგლისურის სწავლებისთვის საკმარისი არ კეთდება. ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ ზუსტად ეს მონაცემები, იმ იმედით რომ თქვენც ახლებურად შეხედავთ ინგლისური ენის საჭიროებას.
ინგლისური და განათლების ხელმისაწვდომობა
ინტერნეტში არსებული ინფორმაციის რა წილი არის ინგლისურად და რა წილი — ქართულად? ინტერნეტის 62%-ზე მეტი არის ინგლისურად (გრაფიკი #3) და ქართულად 0.1%-იც კი არ არის (გრაფიკი #4). ამ მონაცემებს თუ დავუმატებთ საქართველოში ინგლისურის მცოდნეთა რაოდენობას, გამოდის რომ ჩვენი მოსახლეობის 78% არ აქვს წვდომა ინტერნეტზე არსებული ინფორმაციის 0.1 პროცენტზეც კი!
გრაფიკი #3
გრაფიკი #4
უშუალოდ სამეცნიერო ცოდნის უმეტესობაც ინგლისურ ენაზეა. UNESCO-ს 2014 წლის მონაცემებით სამეცნიერო ნაშრომების 37,2% დაიწერა ქვეყნებში, სადაც ინგლისური სახელმწიფო ენაა. აქედან უმეტესობა (25,3%) იყო აშშ-დან (გრაფიკი #5). იმავე მონაცემებით, რიგით მე-2 ქვეყანაა ჩინეთი, აქ დაიწერა კვლევების 20,2%. თუმცა, სად დაიწერა კვლევა არაფერს გვეუბნება, იმაზე თუ რა ენაზე დაიწერა კვლევა. როგორც მე-6 გრაფიკიდან ჩანს, 2011 წელს ჩინეთში დაწერილი სტატიების ნახევარი ინგლისურ ენაზე იყო. სხვა, არაინგლისურენოვან, ქვეყნებში ინგლისურ ენაზე უფრო მეტი სამეცნიერო სტატია იწერება ვიდრე მშობლიურ ენაზე.
გრაფიკი #5
გრაფიკი #6
განათლებისა და ინგლისურის კიდევ ერთი კონკრეტული კავშირი შეგვიძლია კავკასიის ბარომეტრის მონაცემებში ვნახოთ (გრაფიკი #7). იმათგან ვინც ინგლისურს მაღალ დონეზე ფლობს 87%-ს აქვს საშუალოზე მაღალი განათლება მიღებული.
გრაფიკი #7
ამ კავშირების ბუნებრივი გაგრძელება არის ინგლისურის კავშირი სამეცნიერო კვლევებთან. Education First-ის 2020 წლის ანგარიშში (ef.edu/epi) ვხედავთ, რომ რაც უფრო მეტია ქვეყანაში ინგლისურის მცოდნეთა რაოდენობა მით უფრო მეტი მკვლევარი ჰყავთ და უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ R&D-ში (კვლევა და განვითარება) (გრაფიკი #8). რაც თავის მხრივ გამოიხატება უფრო მეტ სამეცნიერო ნაშრომში (გრაფიკი #9).
გრაფიკი #8
გრაფიკი #9
ინგლისური და განვითარების სხვა ინდიკატორები
განათლების ხელმისაწვდომობის გარდა ინგლისური ენა ბევრ სხვა ფაქტორთან არის კავშირში. ამის დანახვა შეგვიძლია კავკასიის ბარომეტრის სხვა მონაცემებიდან.
საქართველოს მოსახლეობაში ინგლისურის ცოდნა დადებით კორელაციაშია კომპიუტერულ უნარებთან (.522), ინტერნეტის მოხმარების სიხშირესთან (.503), ფორმალური განათლების სისტემაში გატარებულ წლებთან (.353), ჯანმრთელობის დონესთან (.333), ოჯახის ახლანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან (.234), საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილთან (.198) და ბედნიერების დონესთან (.185) (ცხრილი #1).
ცხრილი #1
|
ინგლისურის ცოდნის დონე
|
|
კორელაციის კოეფიციენტი
|
მნ. (2-მხრივი)
|
რაოდენობა
|
ჯანმრთელების დონე
|
.333**
|
.000
|
2309
|
ბედნიერების დონე
|
.185**
|
.000
|
2310
|
განათლების სისტემაში გატარებული წლები
|
.353**
|
.000
|
2310
|
საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი
|
.198**
|
.000
|
2310
|
კომპიუტერული უნარები
|
.522**
|
.000
|
2310
|
ინტერნეტის გამოყენების სიხშირე
|
.503**
|
.000
|
2299
|
ოჯახის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა
|
.234**
|
.000
|
2310
|
** = კორელაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანია 0.01 დონეზე (ორმხრივი)
შეინიშნება კავშირი ბევრ სხვა ინდიკატორთანაც. ინგლისურის დონის ზრდასთან ერთად:
-
იზრდება კომპიუტერის და მობილური ინტერნეტის ფლობის სიხშირე;
-
ყველაზე ხშირ ინტერნეტ-აქტივობად უფრო ხშირად ასახელებენ ინფორმაციის მოძიებას;
-
უფრო მეტად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას;
-
უფრო მეტია დასაქმებულთა წილი;
-
უფრო მეტ ოჯახს აქვს მაღალი გადახდისუნარიანობა;
-
მატულობს ქველმოქმედებისთვის ფულის შეწირვა.
ეს მონაცემები დაწვრილებით აქ შეგიძლიათ იხილოთ bit.ly/english_data. კავკასიის ბარომეტრის მონაცემების გარდა მანდვე ნახავთ Education First-ის მონაცემებსაც ქვეყნების ინგლისურის დონესა და ეკონომიკის, ინოვაციისა და საზოგადოების განვითარების ინდიკატორებთან კავშირზე. ჯამში 60-მდე სტატისტიკური მონაცემი, რომელიც მიუთითებს ინგლისური ენის სარგებელზე კონკრეტული მიმართულებებით.
როგორ გავზარდოთ ტემპი?
ჩვენ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, იმიტომ რომ კითხვა არის მასშტაბური. ფაქტობრივად ვკითხულობთ, (უკეთ) როგორ ვასწავლოთ ინგლისური ყველა მოსწავლეს, სტუდენტსა და ზრდასრულს. ამ კითხვაზე პასუხების მოსაფიქრებლად საჭიროა ინგლისურის სწავლებაში ჩართული ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევა. აქ რაც შემიძლია დავწერო არის ზოგადი მიმართულებები, სადაც, ჩემი აზრით, შეიძლება ვიპოვოთ პასუხის ნაწილი.
-
ქვეყანაში ინგლისურის დონის მონიტორინგი რომ გავარკვიოთ რა არის გასაკეთებელი, ჯერ გვჭირდება ვნახოთ სად ვართ. ასევე, თვალყური უნდა მივადევნოთ პროცესს — ვნახოთ თუ იზრდება ტემპი. ამისთვის, ინგლისურის ცოდნის დონის სისტემატური მონიტორინგი გვჭირდება. 1-ელ რიგში სკოლის დონეზე და დამატებით უმაღლესი და პროფესიული განათლების დონეზე.
-
ინგლისური ენის მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა. თითო ინგლისურის ენის მასწავლებელზე 81 მოსწავლე მოდის. რაც ყველაზე მაღალი შეფარდებაა სხვა საგნების მასწავლებლებთან შედარებით (გრაფიკი #10).
გრაფიკი #10
-
ინგლისური ენის მასწავლებლების მხარდაჭერა. მათი გადამზადება, ხელფასის გაზრდა, უცხოურ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ა.შ. ჩვენს გუნდს სჯერა, რომ ერთადერთი ძალა რომელსაც შეუძლია, მოახდინოს მასშტაბური გარდატეხა მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნაში, არიან მასწავლებლები. ამას ორ მიზეზი აქვს:
-
საფუძველი უკვე არსებობს. ინგლისური ისწავლება სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ის ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.
-
სკოლის გარეთ განათლება ვერ გამოიწვევს მასშტაბურ ცვლილებებს. არაფორმალური ან ონლაინ განათლება, რეპეტიტორი და ა.შ. მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი დამხმარე რესურსებია.
-
ყველა საგნის მასწავლებლისთვის ინგლისური ენის სწავლება. ეს საკითხი საკმაოდ საჩოთიროა და სიფრთხილე არის საჭირო, რომ მასწავლებლების მხრიდან წინააღმდეგობა არ გამოიწვიოს. ამიტომ, ზოგადი სტრატეგია უნდა იყოს, ქვემოდან ზემოთ წამოსული ინიციატივებს წახალისება. მაგალითად, არა-ინგლისური ენის მასწავლებლები, ვინც ფლობენ ინგლისურს და იყენებენ სწავლების პროცესში, მათი წახალისება სხვადასხვა გზებით. მაგალითად, საინფორმაციო სიუჟეტების ჩაწერა მათი საქმიანობის შესახებ, ფინანსური მხარდაჭერა ბონუსის სახით და ა.შ. და როცა ამ იდეას უფრო მაღალი მიმღებლობა ექნება მასწავლებლების ფართო საზოგადოების მხრიდან, უფრო პროაქტიულად გადამზადებაზე მუშაობა. მაგალითად, ESP (English for Specific Purposes), EAP (English for Academic Purposes) და CLIL (Content and Language Integrated Learning) თემების ტრენინგებით მასწავლებლების გადამზადება, რომ ნახონ კონკრეტულად სწავლების პროცესში როგორ გამოიყენონ ინგლისური ენა.
-
ინგლისურის შესწავლის არაფორმალური გზების ხელშეწყობა. კი, სკოლა არის წამყვანი ძალა, რომელსაც შეუძლია მასშტაბურად და სწრაფად შეცვალოს სიტუაცია უკეთესობისკენ. თუმცა, არაფორმალური განათლების საშუალებებსაც აქვთ ეფექტი და სკოლასთან ერთად უფრო მასშტაბური და სწრაფი შედეგის მიღწევა შეუძლიათ. აქ მხოლოდ ორი ასეთი არაფორმალური მეთოდი მინდა ვახსენო:
-
დუოლინგოზე (duolingo.com) ინგლისურის სასწავლო კურსის დამატება. დუოლინგო არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პლატფორმა უცხო ენების სწავლისთვის (მიმოხილვა იხილეთ აქ bit.ly/why-duo).
-
ფილმების და სერიალების ინგლისურ ენაზე ყურების პოპულარიზაცია. როგორც ტელევიზიით, ისე ინტერნეტით გაშვებული ფილმებისა და სერიალების.
ჩვენ
ამ მნიშვნელოვანი მონაცემების შემდეგ კი, მინდა მოკლედ მოგიყვეთ, როგორ მივიდა ჩვენი გუნდი ამ აღმოჩენამდე. 2015 წელს ჩვენ Educare Georgia-ს საგანმანათლებლო ფონდი დავაარსეთ და მიზნად დავისახეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ.
ამ მიზნის მიღწევისთვის დავიწყეთ ხანის აკადემიის (ka.khanacademy.org) გადმოქართულება. დღეისთვის, 5.000-ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი გვაქვს შექმნილი და 8 მილიონზე მეტი სიტყვა გვაქვს თარგმნილი სტატიებისა და სავარჯიშოებისთვის. ხანის აკადემიაზე შეგიძლიათ ისწავლოთ მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, პროგრამირება, ასტრონომია და ელექტროინჟინერია. წელს ვმუშაობთ მიკრო და მაკროეკონომიკის საგნების დამატებაზე. ხანის აკადემიას ყოველთვიურად 96.000 ადამიანი იყენებს.
რადგან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, წამოვიწყეთ პროექტი „ჩართე.“ პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი, ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. პროექტის ფარგლებში დღეისთვის 1.600-ზე მეტ მოსწავლეს აქვს ინტერნეტი, ლეპტოპი, ფართო სპექტრის სასწავლო რესურსები და ჩვენი გუნდის მუდმივი ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერა.
როცა 2015 წელს წამოვიწყეთ ჩვენი საქმიანობა, მაშინაც მიგვაჩნდა რომ ინგლისურის ცოდნა საჭიროა თანამედროვე და ხარისხიანი განათლების მიღებისთვის. ამისთვის, შევუერთდით ინიციატივას, რომლის მიზანია ინგლისურის უფასო სასწავლო კურსის დამატება დუოლინგოზე (დეტალები იხილეთ აქ). თუმცა, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თარგმნით ფონს ვერ გავალთ; კომპიუტერისა და ინტერნეტის ქონა არაა საკმარისი; ერთი აპლიკაციით ინგლისურის ცოდნის მდგომარეობას საქართველოში ვერ შევცვლით. ამ სტატიაში თანამედროვე მსოფლიოსში ინგლისურის ცოდნის აუცილებლობა და ის მეთოდებია წარმოდგენილი, რომლებიც ამ ენის სწრაფ და ეფექტურ გავრცელებას შეუწყობს ხელს.
|