მულტიტასკინგის მითის თითქმის ყველას სჯერა, მათ შორის ზრდასრულებსაც, მაგრამ ის განსაკუთრებით გავრცელებულია სტუდენტებში. 2016 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აუდიტორიებში, სადაც სმარტფონები/კომპიუტერები დაშვებული იყო, სტუდენტები სასწავლო დროის მესამედს არააკადემიურ საქმიანობას უთმობდნენ, როგორიცაა თამაშები ან ონლაინ შოპინგი. მათ გულწრფელად სჯეროდათ, რომ ამავდროულად ლექციის ათვისებასაც ახერხებდნენ.
თუმცა მულტიტასკინგის უნარი რეალურად არ არსებობს. როგორც კულატა განმარტავს, „ადამიანის ტვინი ვერ ახერხებს ერთდროულად რამდენიმე რამეზე კონცენტრირებას“. ტვინი უბრალოდ სწრაფად გადაერთვება ერთი ამოცანიდან მეორეზე, მაგრამ მოცემულ მომენტში მხოლოდ ერთზეა ფოკუსირებული. ეს იწვევს შესრულებული ამოცანების ხარისხის შემცირებას.
კვლევებმა აჩვენა, რომ მულტიტასკინგი განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც ორ დავალებას ტვინის ერთი და იგივე უნარი სჭირდება. 2021 წლის კვლევის მიხედვით, ტექსტიანი მუსიკის მოსმენა იმავე კოგნიტურ რესურსებს იყენებს, რასაც ტექსტის გაგება და დამუშავება. ეს ნიშნავს, რომ თუ მაგალითად ინგლისურ ენაზე წიგნს კითხულობ და თან ტეილორ სვიფტის სიმღერებს უსმენ, ტვინი იძულებულია მუდმივად გადაერთოს ხან წაკითხულ ტექსტზე, ხან კი მოსმენილზე. შედეგად, შემცირდება ინფორმაციის გაგების და დამახსოვრების უნარი.
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ ეს პრობლემა, განათლების კონსულტანტი კეტლინ ტაკერი მასწავლებლებს ურჩევს, აუხსნან მათ, რატომ არის მულტიტასკინგი არაეფექტური. ბავშვები „არ კითხულობენ კოგნიტური მეცნიერების სტატიებს ამ საკითხებზე“, ამიტომ ბევრ მათგანს სჯერა, რომ შეუძლიათ მულტიტასკინგი — და რომ მობილური ტელეფონების აკრძალვა, უბრალოდ უსამართლო რეგულაციაა. ტაკერი საკუთარ გამოცდილებაზე Edutopia-ს უყვება: ერთ-ერთ მოსწავლეს შესთავაზა ორი დღე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა — ერთი დღით გაკვეთილზე ყურსასმენებით, მეორე დღეს — მათ გარეშე. ორივე შემთხვევაში ტესტის შედეგების შედარების შემდეგ, მოსწავლემ თავად დაინახა განსხვავება. „საკამათო აღარ იყო“, — აღნიშნავს ტაკერი.
წყარო: 7 Learning Myths Your Students Probably Believe
|