|
როდესაც მოსწავლე რომელიმე საგანში სირთულეს აწყდება, იქნება ეს მათემატიკა, ინგლისური თუ ხელოვნება, ის შესაძლოა ადვილად დანებდეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი გავრცელებული მითია, თითქოს ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაუღალავი შრომა. სწორედ ამ მითმა შეიძლება აიძულოს მოსწავლე, ხელი ჩაიქნიოს და დაასკვნას: „მე უბრალოდ ამ საგანში უნიჭო ვარ“.
სამწუხაროდ, ამ მითს ხშირად თავად უფროსები ამკვიდრებენ მოსწავლეების ცხოვრებაში — ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც. არსებობს ასეთი ფენომენი: შემფასებლები მიდრეკილნი არიან, რომ უფრო მაღალი შეფასება მისცენ ადამიანს, რომელიც ბუნებრივად ნიჭიერი ჩანს, ვიდრე მას, ვისაც იგივე შედეგის მისაღწევად დიდი შრომა დასჭირდა — მაშინაც კი, როდესაც მათი საბოლოო შედეგი იდენტურია.
გავრცელებული მითის საპირისპიროდ, კვლევები აჩვენებს, რომ შეუპოვრობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე თანდაყოლილი უნარები (აკადემიური საქმიანობების უმეტესობაში). ფსიქოლოგების, ბრაიან გალასა და ანჯელა დაკვორთის, ხელმძღვანელობით 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლის საშუალო აკადემიური მოსწრება (GPA) კოლეჯის დროულად დასრულებას უკეთ პროგნოზირებს, ვიდრე სტანდარტიზებული ტესტების (SAT) ქულები. „სტანდარტიზებული ტესტებისგან განსხვავებით, ნიშნები თქვენი თვითრეგულაციის კარგი მაჩვენებელია — თქვენი უნარისა, ბოლომდე მიჰყვეთ საქმეს, გააკონტროლოთ იმპულსები, გადადოთ სიამოვნება და უსაქმურობის ნაცვლად იმუშაოთ“, — განუცხადა დაკვორთმა Edutopia-ს 2020 წელს. ამ მაჩვენებლების წინასწარ განჭვრეტის უნარი მიუთითებს, რომ სწორედ შეუპოვრობა განსაზღვრავს გრძელვადიან აკადემიურ და პროფესიულ წარმატებას.
შეახსენეთ მოსწავლეებს, რომლებსაც უჭირთ, რომ საბოლოო ჯამში, დაუღალავი შრომაა მნიშვნელოვანი და არა თანდაყოლილი ნიჭი. „მსოფლიო დონის ექსპერტები ისევე იწყებენ, როგორც სხვები — ისინი თავდაპირველად მოუხერხებელი, მოყვარული დილეტანტები არიან“, — ამბობს დაკვორთი. — „სიდიადეს კი ათასობით საათის მიზანმიმართული პრაქტიკის შედეგად აღწევენ“. იმისთვის, რომ ეს აზრი მოსწავლეებამდე უკეთ მიიტანოთ, როგორც გასულ წელს დავწერეთ, „მოსწავლეები შეაქეთ გაუმჯობესებისთვის და არა მხოლოდ მაღალი ქულებისთვის“ და პერიოდულად დაავალეთ „პრეზენტაციების მომზადება წარმატებული მწერლების, მეცნიერებისა და ხელოვანების შეცდომებსა და პროფესიული ზრდის სირთულეებზე“.
წყარო: 7 Learning Myths Your Students Probably Believe
|