მოვიდა დრო, თებერვლის თავგადასავლებზე გიამბოთ. ჩვენი დონორების თანადგომით, გასულ თვეს კიდევ 23 მოსწავლეს ჩავუტანეთ კომპიუტერი გარდაბანში! ამ თვეში ჩართული უფროსკლასელების უმეტესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. მათთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი სკოლის საქმის მწარმოებელი - არაჩვეულებრივი გულბახარი - დავიხმარეთ და ოჯახებთან ურთიერთობაც გაგვიმარტივდა. გულბახარს შემდეგ თვეში აუცილებლად გაგაცნობთ.
ვიმედოვნებთ, ინტერნეტი და ლეპტოპი მათთვის ენების უკეთ შესასწავლად მნიშვნელოვანი რესურსი იქნება, გარე სამყაროსთან მეტი წვდომით კი ახალ ინტერესებსაც აღმოაჩენენ. ამის მაგალითად ყოველთვის საიდა გვახსენდება - ჩვენი პროექტის მონაწილე წალკიდან!
ჩვენი მოსწავლე დავითი გახსოვთ? პიანისტი და მომავალი კომპოზიტორი.
მას კვლავ გავესაუბრეთ და თავის გეგმებზე გვიამბო. დედასთან ერთად რუსთავში ცხოვრობს და წელს მუშაობაც დაიწყო, რომ დიდი ოცნება - კონსერვატორიაში სწავლა - მალე აიხდინოს. ხანდახან დღეში 7-8 საათის მანძილზეც კი უკრავს პიანინოზე.
ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოჩენის მერე უამრავი მუსიკალური ნაწარმოების ნოტი იპოვა და მისნაირად მუსიკის მოყვარული ბევრი მეგობარიც გაიჩინა.
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით: ლუკა, წალენჯიხის ქალაქ ჯვარიდან, 17 წლის
„ჩემი ჰობია ლექსების წერა და ფეხბურთის თამაში. მინდა, რომ ჩემი პოეზია საზოგადოებამ გაიცნოს. ინტერნეტი მეხმარება ლექსების სწავლასა და ახალგაზრდა პოეტების გაცნობაში, ასევე ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებაში. ვაპირებ ჩავაბარო უნივერსიტეტში, "აღმოსავლური ენების" ფაკულტეტზე, კომპიუტერით კი ჩემთვის აქამდე მიუწვდომელ მასალას ვსწავლობ.“
რაჭაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში კიდევ 110-მდეუფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი.