მარიამს „იუთუბზე“ შემეცნებითი ვიდეოების ყურება უყვარს! ჯერ არ იცის, პროფესიით ვინ გამოვა, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვეტილი აქვს. ახალ კომპიუტერსაც სამეცადინოდ გამოიყენებს. სკოლაში ინგლისური ენა უყვარს, მათემატიკაზე კი გული აქვს აცრუებული: როგორც ამბობს, ამოცანების ამოხსნა უჭირს.
გოდერძის ძალიან უყვარს ფილმების ყურება. ჯერ არ იცის, პროფესიით რა გამოვა, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად მათემატიკა იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
მარიამს უნდა, რომ ინგლისური ენის ფილოლოგი გახდეს. „ქართული იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი მშობლიური ენაა, ინგლისური - საერთაშორისო საკომუნიკაციო ენაა. დანარჩენი საგნებისადმი გარკვეული ინტერესი მაქვს, მაგრამ რომ არ მიყვარდეს, ეგეთი არცერთი არ არის. ეს ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა.” მარიამს უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია, მაგრამ სტუდენტობის თბილისში გატარება აქვს გეგმაში.
დავითს მიწასთან მუშაობა მოსწონს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და მათემატიკაა. ხატიას ყველა საგანი ერთნაირად უყვარს. აპირებს, ფსიქოლოგი გახდეს, ამიტომ ბევრს კითხულობს და ფიქრობს, ინტერნეტიც მომავალი პროფესიის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოადგება.
ვახტანგი თვლის, რომ ინტერნეტი მომავალი სამსახურის მოძიებაში დაეხმარება. მშობლებს სახლის საქმეებში ყოველთვის ეხმარება და გამოსდის კიდევაც, ამიტომ გადაწყვიტა, ხელოსნობა შეისწავლოს.
ანი ასტრონომობაზე ფიქრობს. უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, სკოლაში კი ყველაზე მეტად ქართულის და ინგლისურის სწავლა მოსწონს.
ტარასს გემრიელი კერძების მომზადება უყვარს, ამიტომ მომავალ პროფესიად მზარეულობა აქვს არჩეული. ფიქრობს, ინტერნეტი სასწავლო მასალის უკეთ გასაგებად დაეხმარება.
მარიამი პოლიციელობას აპირებს. უყვარს ხატვა, სკოლაში კი მისი საყვარელი საგნები ქართული ენა და ლიტერატურაა.
გოგას უნდა, რომ სტილისტი გახდეს. უყვარს საკუთარი დისთვის სხვადასხვა ვარცხნილობების მორგება. ამბობს, რომ ეს მისთვის ვარჯიშია, რომელიც მომავალი პროფესიისთვის ამზადებს.
მარიამი ექიმობას აპირებს. სკოლაში ყველაზე მეტად ქიმია და ბიოლოგია იზიდავს. ფიქრობს, ინტერნეტსა და კომპიუტერს სასკოლო დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს.
მარიამს კითხვა მოსწონს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული ენა, ბიოლოგია და ისტორიაა.
ქეთევანს უნდა, რომ ინგლისურის მასწავლებელი გახდეს, ზუსტად ამიტომ სკოლაში მისი საყვარელი საგანი ინგლისურია. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა.