ანა 10 წლიდან წერითაა გატაცებული. „მიყვარს ამბების გამოგონება და ჩემივე გამოგონებულის განცდა“. ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს, წერა კი ეხმარება, ისაუბროს „ყველაფერზე, რასაც ვგრძნობ ან ვფიქრობ“. აპირებს, წიგნიც გამოსცეს. მანამდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას ისწავლის და ბავშვობის ოცნებასაც აიხდენს.
მუხმადის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, მათემატიკა და გეოგრაფიაა. უყვარს საინტერესო ისტორიული წიგნების კითხვა და მათემატიკური განტოლებების ამოხსნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩაბარება, მომავალში კი პროგრამისტობაზე ფიქრობს.
მუსლიმს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ჩააბარებს, თუმცა სკოლაში ისტორიის სწავლა ძალიან მოსწონს. კომპიუტერსა და ინტერნეტს დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს, თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაშიც უყვარს.
მარიამს უცხო ენების სწავლა, წიგნების კითხვა და კულინარია მოსწონს. ჰყავს 8 და-ძმა. სკოლაში კი მისი საყვარელი საგნები ისტორია და ინგლისურია.
მედო თბილისის სახელმქიფო უნივერსიტეტში სწავლაზე ოცნებობს. უნდა, ჟურნალისტი გახდეს - უყვარს ხალხთან ურთიერთობა და ფიქრობს, რომ ტელევიზიაში მუშაობაც კარგად გამოუვა. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია და ქართულია.
სიედას ტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა სწავლის გაგრძელება, მისი რვა და-ძმიდან ერთ-ერთიც იქ სწავლობს. სკოლაში ყველაზე მეტად გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა და მათემატიკა იტაცებს. ხატვა და კერვაც ძალიან უყვარს და დიზაინერობაზე ოცნებობს.
ხეედის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული ენა და ისტორიაა. უყვარს წიგნების კითხვა, ინტერნეტს კი სკოლის დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს.
ლიმანის საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური, ქართული ენა და ლიტერატურაა. ფიქრობს ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება სწავლაში.
თამილას ძალიან უყვარს პოეზია და კითხვა, ამიტომ სკოლაში ყველაზე დიდი ინტერესით ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობს. ინტერნეტს სასკოლო დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს.
ფატიმამ ჯერ არ იცის რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს. სკოლაში ყველაზე მეტად ბიოლოგია უყვარს, თავისუფალ დროს კი წიგნებს კითხულობს.
მარდიას გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბაროს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქიმიაა, კითხვა კი მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
მალიქას საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. ფიქრობს, რომ კაცობრიობის წარსულის ცოდნა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. თავისუფალ დროს ხატვითაა დაკავებული, ინტერნეტს კი ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებს. მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - ძალიან უნდა ფსიქოლოგი გახდეს.