“მე მინდა რომ მივიღო ლეპტოპი რადგან გამოვიყენო განათლების და ინფორმაციის მიღებისთვის.” - გვიყვება ლუკა. როდესაც სკოლის საყვარელ და არასაყვარელ საგნებზე ვკითხეთ, ძალიან დეტალურად გვიპასუხა: უყვარს ინგლისური, ქართული, მათემატიკა, ისტორია და სპორტი. გეოგრაფია ფიზიკა ქიმია ბიოლოგია კი არ მოსწონს.
გიორგისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს! შეიძლება, სწორედ მრავალფეროვანი ინტერესების გამოა, რომ ჯერ სამომავლო პროფესია არ აურჩევია. ისე, უნივერსიტეტში ჩაბარება კი უნდა. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა უყვარს. ლეპტოპით ინფორმაციას სწრაფად მოიძიებს და ონლაინ წიგნების წაკითხვასაც შეძლებს.
ნუკრის ექიმობა გადაუწყვიტავს! გასაკვირიც არ არის, რომ სკოლაში ბიოლოგია და ქიმია განსაკუთრებით უყვარს, მათთან ერთად კი ენები, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლებაც. აი ფიზიკა და მათემატიკა კი სირთულის გამო ვერ შეიყვარა. ახლა როცა უკვე ლეპტოპი აქვს, გაუგებარ საკითხებზე ინფორმაციის მოძიებას უკეთ შეძლებს. გვიყვება, რომ თავისუფალ დროს წიგნებსი კითხვას უთმობს.
მეგი 4 და-ძმასთან ერთად ცხოვრობს, მოგვიყვა, რომ ტელეფონიც კი არ ჰქონდა. თუმცა, ახლა უკვე კომპიუტერი აქვს და ინფორმაციის მოძიების უწყვეტი წყაროც! ყველაზე მეტად სიმშვიდე უყვარს, ეს მისთვის განტვირთვაა. გვპირდება, რომ ლეპტოპით სკოლის პრეზენტაციებსა და პროექტებს შექმნის.
ამირანს სამომავლო პროფესია არ აქვს არჩეული, თუმცა ხატვა საუცხოოდ ეხერხება! ზურიკო კი თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაშს უთმობს. ორივე ძმა მიღებულ კომპიუტერსა და ინტერნეტს ცოდნის გასაღმავებლად და სხვადასხვა ინფორმაცის მოსაძიებლად გამოიყენებს.
სოფიკოს გადაწყვეტილი აქვს - ქართული ენის ფილოლოგი უნდა გახდეს! სკოლაში მისი საყვარელი საგნები რაღა თქმა უნდა ქართული, ინგლისური, ისტორია და გეოგრაფიაა. დანარჩენებში კი კარგად ვერ ერკვევა. იმედი გვაქვს, რომ ლეპტოპი ინფორმაციის მოძიებაში აუცილებლად გაუწევს დახმარებას.
ასლანი მეზღვაურობაზე ოცნებობს! სკოლაში ისტორია, გეოგრაფია და ქართული უყვარს, ფიზიკა კი ნაკლებად. თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს, რადგან მისი თქმით, ეს ამშვიდებს. “ლეპტოპის მიღება მსურს ჩემი განვითარებისთვის, განათლების ხარისხის გაუმჯობესებითვის” - გვიყვება ასლანი.
მაიას სტილისტობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროს ყველაზე მეტად სეირნობა უყვარს, რადგან ბუნება შვებას ანიჭებს. “მიღებულ კომპიუტერს და ინტერნეტს გამოვიყენებ სხვადასხვა ინფორმაცის მოსაძიებლად სწავლის გამარტივებისთვის” - გვიყვება მაია.
თედოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩაბარება, ფილოლოფიის განხრით. მოკლედ, მომავალი პედაგოგია! სკოლაშიც ქართულის გაკვეთილები განსაკუთრებულად უყვარს. “ლეპტოპის მიღების შემთხვევაში, შევძლებ გავიღრმავო ცოდნა ჩემთვის საინტერესო საკითხებზე” - გვიწერს თედო კითხვარში.
ნიკას სურს, რომ კარგი პოლიციელი გახდეს! გვიყვება, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად სჭირდება, რათა სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხოს.
მილენას ყველაზე გამორჩეულად სკოლაში სპორტი და მათემატიკა უყვარს, რადგან მისთვის ორივე საგანი დიდი ინტერესის გამომწვევია. თუმცა, ფიზიკა და გეოგრაფია მეტად რთულად ეჩვენება. მომავალ პროფესიას რაც შეეხება, სურს ინგლისურის მასწავლებელი გამოვიდეს და სწავლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერისტეტში აპირებს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვაში ატარებს, რაც მას სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება. ფიქრობს, რომ ლეპტოპი დიდ დახმარებას გაუწევს გახდეს აქტიური მოსწავლე და მუდმივად ჩაერთოს მრავალ პროექტში.
ვაჟიკოს მეზღვაურობა სურს! “ ლეპტოპი მჭირდება იმიტომ, რომ მოვიძიო საინტერესო ამბები. თან მინდა საზღვაო აკადემიაში ვისწავლო და საჭირო ინფორმაციას მოვიპოვებ”. თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში და სიმღერების მოსმენა უყვარს. სკოლის საგნებიდან კი ქართულს, ინგლისურს და ფიზიკას გამოარჩევს.