სალომეს ძალიან უნდა უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა ჯერ კიდევ პროფესიის ძიებაშია. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია და ინტერესიც უფრო ჰუმანიტარული საგნების მიმართულებით აქვს. აი ფიზიკა კი არ მოსწონს. თავისუფალ დროს სულ წიგნებს კითხულობს. როგორც გვითხრა, კომპიუტერს ფიზიკაში გაუგებარი საკითხების მოსაძიებლად და ონლაინ წიგნების წასაკითხად გამოიყენებს!
,,საკუთარი ლეპტოპით თავისუფალ დროს ჩემთვის საინტერესო შემეცნებითი საკითხებს მოვიძიებ, რაც დამეხმარება ჩემი ოცნების ასრულებაში ვიყო დახვეწილი, გემოვნებიანი და კრეატიული ხელოსანი” - გვიყვება ლუკა, თერჯოლის სოფელ ქვემო ალისუბანიდან. როგორც თავად გვითხრა, მისი ჰობი ჩხირკედელაობაა.
“სკოლიდან ხშირად გვაძლევენ პროექტებს, რომლის ტელეფონში გაკეთება რთულია, კომპიუტერით ბევრად ადვილად გავაკეთებ” - გვიყვება გიორგი. დარწმუნებულია, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა მრავალი რამ აინტერესებს და ჯერ ვერ ჩამოყალიბდა რომელ პროფესიას გაყვეს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება და მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი ველოსიპედით სეირნობასა და ლაშქრობაზე მეტად არაფერი აბედნიერებს.
ნატალი მომავალი სტილისტია! მეგობრებისთვის ვარცხნილობებისა და მაკიაჟის კეთება მისი ჰობია და უნდა პროფესიადაც აქციოს. სჯერა, რომ კომპიუტერი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება.
გიორგი და ანანო თერჯოლაში ცხოვრობენ, სხვადასხვა ინტერესები აქვთ და ლეპტოპიც განსხვავებული რამეებისთვის სჭირდებათ. გიორგის უფრო სპორტი იტაცებს, ანანო კი გვიყვება, რომ სკოლაში ყველა საგანი მოსწონს და კომპიუტერს მათ უკეთ შესასწავლად გამოიყენებს.
“ლეპტოპი მჭირდება ინტერნეტში მოსაძიებლად, ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად, ასევე სკოლის პროექტებისთვის გამოსაყენებლად” - გვიყვება ფატი. ყველაზე მეტად სიმღერა იტაცებს, თავისუფალ დროს სულ მუსიკას უსმენს. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა იმედი გვაქვს პოვნაში კომპიუტერი დაეხმარება!
გიორგი ხარაგაულში, სოფელ წიფაში ცხოვრობს. როგორც გვიყვება, კომპიუტერამდე მისი ყოველდღიურობა ძალიან ჩვეულებრივი იყო, ახლა კი უფრო მეტად საინტერესო გახდა. სკოლა უკვე დაამთავრა და ჯერ უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს, საკუთარი თავის ძიებაშია.
მარის სურს არქეოლოგი გამოვიდეს! სასწავლებელიც არჩეული აქვს - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მარის ჰობი ყვავილების მოვლაა, რადგან ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. “კომპიუტერი დამეხმარება მოვიძიო ინფორმაცია და გავეცნო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ვისწავლო ექსელში, ვორდში ფოუერ ფოინთში მუშაობა, რათა სამომავლოდ ვიყო მეტად ძლიერი. დღეს ტექნოლოგიების ეპოქაა და ლეპტოპი ნებისმიერ სამსახურში დამჭირდება” - ამბობს მარი.
ვანოს დესერტების მომზადება უყვარს და გემრიელობები გამოსდის კიდეც! სკოლის საგნებიდან ისტორია, ფიზიკა, ქართული და ხელოვნება მოსწონს. რაც შეეხება ინგლისურს, რუსულს და ქიმიას, ვერ იგებს და ამიტომ არც უყვარს. “ლეპტოპს აუცილებლად გამოვიყენებ პრეზენტაციებისათვის და ბევრი საინტერესო ამბის გასაგებად” - გვიყვება ვანო.
შოთას ფილმების ყურება და ცხენით ჯირითი უყვარს! მისი საყვარელი სასკოლო საგანი სპორტია, რადგან ფეხბურთსა და კალათბურთს თამაშობს, თან მეგობრებთან ერთად დროს ატარებს. ასევე, ბიოლოგიაც უყვარს, რადგან ცხოველებზე, ფრინველებზე, მცენარეებსა და ადამიანის აგებულებაზე უამრავ საინტერესო ინფორმაციას იღებს. როგორც თავად გვიყვება, ლეპტოპს ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებს.
თამარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩაბარება - ექიმი უნდა გახდეს! უყვარს წიგნების კითხვა, რადგან “სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობს”. მისი თქმით, ბევრჯერ შეხვედრია პროექტი, რომელში მონაწილეობაც ლეპტოპის არქონის გამო ვერ მოახერხა. სასკოლო პრეზენტაციების ასაწყობადაც ბევრჯერ უნატრია კომპიუტერი, ახლა კი მის განკარგულებაშია! მისი ძმა, ავთო კი თევზაობითა და ნადირობიტაა გატაცებული. ინტერნეტს უკეთ სწავლისთვის გამოიყენებს.
“ლეპტოპის მიღება მსურს, რათა უფრო ხარისხიანი განათლება მივიღო” - ამბობდა ნათია სანამ ხარაგაულში ვესტუმრებოდით! პროფესია არჩეული აქვს - ვეტერინარობა. მის დას, ციურის, კი ჯერ არ გადაუწყვეტია რა უნდა გამოვიდეს, თუმცა მისი ჰობი ნამცხვრების ცხობაა. სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად ინგლისური უყვართ, რადგან საერთაშორისო ენაა და მარტივად დაამყარებენ კონტაქტს უცხოელებთან, თან გონებასაც განივითარებენ.