ხატიას სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა სკოლაში საყვარელი საგნების გრძელი ჩამონათვალი გაგვიზიარა - ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, ინგლისური და რუსული. ხატიამ ის საგნებიც გაგვიმხილა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ უყვარს - ქართული, მათემატიკა და გერმანული. ახალი ლეპტოპი ინფორმაციის მოძიებაში და გაუგებარი საკითხების უკეთ გაგებაში დაეხმარება!
ქეთი მომავალი არქიტექტორია! ხატვა იტაცებს და სკოლის საგნებიდან მათემატიკა უყვარს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიქრობს ჩაბარებას. თამუნა კი გვიყვება, რომ ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და ფილმების ყურება უყვარს. ახალი კომპიუტერით კი უამრავ სასურველ წიგნს და ფილმს უფრო მოხერხებულად ნახავს! მისი საყვარელი სკოლის საგანი ინგლისურია.
სკოლაში ლადის საყვარელი საგნები ქართული და ისტორიაა. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს. სამაგიეროდ, უკვე ახალი ლეპტოპი აქვს და შეუძლია თვითგანვითარებისთვის გამოიყენოს, მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოიძიოს.
გიორგი მომავალი სპორტსმენია! გასაკვირიც არაა, რომ სკოლაში ყველაზე მეტად სპორტის გაკვეთილები მოსწონს. თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს. გიორგის გატაცება ვიდეოთამაშებიც არის. ახლა მხოლოდ ტელეფონით ახერხებს და გვიყვება, რომ ახალ ლეპტოპს ონლაინსწავლის გარდა ვიდეოთამაშებისთვისაც გამოიყენებს.
გვანცას სურს ქორეოგრაფი გახდეს! თან, უნივერსიტეტში ჩაბარებაც უნდა, თუმცა ფაკულტეტი ჯერ ვერ გადაწყვიტა. სკოლაში ყველაზე მეტად სამოქალაქო განათლებისა და სპორტის გაკვეთილები მოსწონს. “კომპიუტერის მიღება მინდა იმიტომ რომ ჩავერთო ონლაინ სწავლებაში და მივიღო მეტი ცოდნა.” - გვიყვება გვანცა. თავისუფალ დროს კულინარია იტაცებს.
ანის პროგრამისტობა სურს! არ იცის, უნივერსიტეტში ჩაბარების საშუალება ექნება თუ არა, თუმცა კომპიუტერით მრავალი ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებს. სკოლის საგნებიდან უყვარს ქართული და ინგლისური, რადგან ეადვილება, მათემატიკა და რუსული კი მისთვის შედარებით ძნელი და გაუგებარია. თავისუფალ დროს ხატვა იტაცებს, და ფიქრობს რომ საკმაოდ კარგადაც გამოსდის!
“ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და საინტერესო საკითხების მოძიება”- გვიყვება სულხანი. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს, და ჯერ არც პროფესია აურჩევია თუმცა, ლეპტოპითა და ინტერნეტით თვითგანვითარების შესაძლებლობა უკვე აქვს! სკოლის საგნებიდან მათემატიკა და ისტორია მოსწონს. თავისუფალ დროს კი კითხვას უთმობს.
ლილიმ გადაწყვიტა დაწყებითების პედაგოგი გამოვიდეს! სკოლის საგნებიდან უყვარს ბიოლოგია, ქართული და ისტორია. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა სიამოვნებას ანიჭებს. ახალ ლეპტოპს ონლაინგაკვეთილებში ჩასართავად და უკეთ სამეცადინოდ გამოიყენებს.
ვალერიანს სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ინგლისურის სწავლა მოსწონს. გვიყვება, რომ კომპიუტერს სოციალური ქსელებისთვისა და ფილმების ყურებისთვის გამოიყენებს. როდესაც, ვკითხეთ თუ რისი კეთება მოსწონა ყველაზე მეტად თავისუფალ დროს, ასე გვიპასუხა - “მიყვარს რამეს რომ ვაწყობ ან ვიგონებ”.
“პანდემიიდან გამომდინარე ძალიან გამიჭირდა ონლაინ სწავლაში ჩართვა, რადგან არ მქონდა კომპიუტერი და ინტერნეტი. ახლა ვარ აბიტურიენტი ინტერნეტში კი უამრავი მასალაა, რომელსაც ზუსტად ლეპტოპი სჭირდება”. - გვიყვება თიკა. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია უყვარს, ტეკნიური საგნების გაგება კი ცოტა უჭირს. თავისუფალ დროს მუსიკის მოსმენას უთმობს.
მასისს მექანიკოსობა გადაუწყვიტავს! როდესაც სკოლის საგნებიდან ყველაზე საყვარელზე ვკითხეთ, სპორტი გამოარჩია. მასის და მის ძმებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ, კომპიუტერის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაცია მოიძიონ!
ლუსინეს სურს სტილისტი გახდეს! სკოლაში ყველა საგანი მოსწონს. თავისუფალ დროს ლუსინეს მუსიკის მოსმენა იტაცებს. როგორც ის გვიყვება, ლეპტოპს სწავლისთვის გამოიყენებს. კომპიუტერი მის 12 წლის დასაც დაეხმარება!