“ინტერნეტს გამოვიყენებ ჩემთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გასაცნობად” - გვიყვება ელენე. სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალზე ისწავლოს. სკოლის საგნებიდან ისტორია და ინგლისური მოსწონს. ყველაზე მეტად საინტერესო ისტორიული ფაქტების მოძიება უყვარს. ელენე აბიტურიენტია და კომპიუტერს სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენებს. ნინის კი მოდელობა სურს! სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ინგლისურს აფასებს, რადგან საერთაშორისო ენაა და "ბევრგან გამოადგება"
“კომპიუტერი მჭირდება გაკვეთილებზე, ონლაინ ჩართვებზე და განათლების გასაუმჯობესებლად” - გვიყვება ვერო. აბიტურიენტია და გადაწყვეტილი აქვს, ფილოლოგიაზე ჩააბაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასაკვირიც არ არის, რომ ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში მისი განსაკუთრებულად საყვარელი საგანია, თუმცა დანარჩენებსაც კარგად სწავლობს. მოსწონს ტექსტების კითხვა და გაანალიზება.
მიშიკოს მათემატიკა უყვარს, უარყოფითი დამოკიდებულება კი რუსული ენის მიმართ აქვს - რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. სურს, რომ უნივერსიტეტში ბიზნესი შეისწავლოს, თუმცა სასწავლებელი ჯერ არ შეურჩევია. როდესაც ვკითხეთ, რისი გაკეთება უყვარდა ყველაზე მეტად, გვიპასუხა, რომ სახლის საქმეების კეთება. ლეპტოპს დისტანციურ გაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენებს.
გიგის პროგრამისტობა სურს! გვიყვება, რომ თავისუფალ დროს ელექტროობას უთმობს და სამშენებლო სამუშაოებიც არ ეზარება. სკოლის საგნებიდან ქართული, მათემატიკა და ბიოლოგია მოსწონს. ფიზიკას და რუსული კი არ უყვარს. კომპიუტერი მომავალ პროფესიაში დასახელოვნებლად და განათლებისთვის გამოადგება.
თაზოს სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა მოსწონს. უნდა უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელოს, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს კითხვას უთმობს. ინტერნეტს საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს.
სანდრო მომავალი პროგრამისტია! უნივერსიტეტში ჩაბარებას და კომპიუტერული მეცნიერებების სრულყოფილად შესწავლას აპირებს. გვიყვება, რომ ლეპტოპი ცოდნის გაუმჯობესებაში და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ამის გარდა, სანდროს თქმით, მისი სხვა საყვარელი საქმიანობა მანქანებს უკავშირდება.
“კომპიუტერი და ინტერნეტი დამეხმარება სასკოლო საშინაო დავალებებისა და სასკოლო პროექტების შესრულებაში” - გვიყვება მეგი. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია ინგლისური და ქართულია. უნდა რომ პედაგოგი გახდეს! თავისუფალ დროს ხატვა უყვარს.
გაგა მომავალი ავტოინჟინერია! რაგბისაც თამაშობს, სკოლის საგნებიდან კი გეოგრაფია უყვარს ყველაზე მეტად. “ლეპტოპის მიღება ნამდვილად მსურს, რათა გავიუმჯობესო სწავლის ხარისხი და ჩავერთო სასკოლო პროექტებში”.
ზვიადი გვიყვება, რომ კომპიუტერს სხვადასხვა თემებზე ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ გეგმავს. მისი საყვარელი სასკოლო საგნები ქართული და ისტორიაა. თავისუფალ დროს ტელევიზორის ყურება უყვარს.
ჯაბას სკოლაში ყველა საგანი მოსწონს. უნივერსიტეტი და პროფესია კი ჯერ არ აურჩევია. გვიყვება, რომ უყვარს მეცადინეობა და თავისუფალ დროს მშობლების დახმარება. ლეპტოპი და უწყვეტი ინტერნეტი დაეხმარება, რომ ონლაინ გაკვეთილებს სრულად დაესწროს.
ლიკას უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა ჯერ კიდევ პროფესიის ძიებაშია. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს. კომპიუტერი საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და უკეთ სწავლისთვის დაეხმარება.
თამთას მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! “მინდა ჩავაბარო უმაღლეს სასწავლებელში, ვარ აბიტურიენტი და საჭიროების დროს ვსარგებლობ სკოლის კომპიუტერით და სახლში მეზობლის კომპიუტერით, რაც ზოგჯერ მიქმნის სიძნეელებს. ჩემი ლეპტოპის შემთხვევაში დავზოგავდი უფრო მეტ დროს და მივიღებდი მეტ ინფორმაციას.” - გვიყვება თამთა. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს.