მარიამს ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს! ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. სკოლაში ქართულის, ინგლისურისა და ისტორიის გაკვეთილები უყვარს. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვას უთმობს. კომპიუტერს სწავლისა და მეგობრებთან კომუნიკაციისთვის გამოიყნებს.
“ლეპტოპს საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში გამოვიყენებ და ბევრ კარგ პროექტს შევქმნი, რათა ვასახელო ჩემი სკოლა და მასწავლებლები.” - გვიყვება ნინო. აპირებს, რომ ფარმაცევტი გახდეს.
ნათიას მასწავლებლობა სურს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას! წელს აბიტურიენტია და გამოცდებისთვის ემზადება. როგორც თავად ამბობს, კომპიუტერი და ინტერნეტი დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოადგება. თავისუფალ დროს კლასგარეშე წიგნების კითხვას უთმობს, მისი აზრით, ეს ცოდნის დაგროვების საუკეთესო გზაა.
ანა სოფელ ლეღვანიდან არის და მასწავლებლობა აქვს გადაწყვეტილი! თავისუფალ დროს შემეცნებისთვის წიგნებს კითხულობს და ფილმებს უყურებს, რათა განვითარდეს. “კომპიუტერით უფრო აქტიურად შევძლებ ამა თუ იმ პრეზენტაციის გაკეთებას და ინფორმაციის სწრაფად მოძიებას.” - გვიყვება ანა.
გივი სოფელ მარელისში ცხოვრობს. გვიყვება, რომ სკოლის საგნებიდან ყველა უყვარს. სამომავლო პროფესია ჯერ არ მოუფიქრებია, თუმცა კომპიუტერის საშუალებით ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
მარიამი აბიტურიენტია და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. “სკოლაში ყველაზე მეტად მიყვარს ქართული, რადგან გვყავს საუკეთესო მასწავლებელი და საგანიც ძალიან შემაყვარა. არ მომწონს მათემატიკა, მიზეზი კი ისაა, რომ საგანს ძნელად აღვიქვამ” - გვიყვება მარიამი, რომელიც ძალიან ბეჯითი მოსწავლეა. იმდენად ბეჯითი, რომ მე-10 კლასში განათლების სამინისტროსგან ლეპტოპიც მიიღო ფრიადებზე სწავლისთვის. ჩვენ კი მას ინტერნეტს ვუფინანსებთ.
“მიყვარს კითხვა და ბევრი წიგნი, რომელიც არ მაქვს ელექტრონულ რესურსად არის და წავიკითხავ” - სიხარულით გვიყვება თამუნა. სამომავლო პროფესიად მასწავლებლობა აქვს არჩეული!
“კომპიუტერის მიღება იმიტომ მინდოდა, რომ უფრო განვითარდე, შევისწავლო სხვადასხვა ინფორმაციები და ვიმონაწილევო სხვადასხვა პროექტებში” - გვიყვება ლაშა. პროფესია არჩეული აქვს - პოლიციელობა. სკოლის საგნებიდან მისი საყვარელი ბიოლოგია და ისტორიაა. თავისუფალ დროს კი სპორტს უთმობს.
თამაზს ინჟინრობა გადაუწყვიტავს, უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა! სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რუსული კი არ მოსწონს, რადგან ერთულება. ძალიან აფასებს სპორტს და ჯანსაღ ცხოვრებას. ამბობს, რომ ლეპტოპს სწავლის დონის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს. მის უმცროს ძმას, თორნიკეს, კი ჯერ სამომავლო პროფესია არ აურჩევია და არც სკოლის რომელიმე საგანი მოსწონს, თუმცა ინტერნეტში ბევრ საინტერესო ინფორმაციას წააწყდა.
ბექა სპორტსმენია, თან ნადირობის მოყვარული. მისი და ეკა კი მასწავლებლობაზე ოცნებობს. ბექას სკოლაში ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა არ უყვარს, რადგან რთულად ეჩვენება. კომპიუტერში მოძიებულ ინფორმაციას მისთვის სწავლის პროცესის გამარტივება შეუძლია. ეკა ძალიან ბევრს კითხულობს, სჯერა, რომ ეს კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება. სტუდენტობისას ახალი ლეპტოპის დახმარების იმედი აქვს!
მეგის მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროს პატარა ბავშვებს სწავლაში ეხმარება, ეს მისი ჰობია, რამაც პროფესიული არჩევანი მიაღებინა. ახალი ლეპტოპი იმიტომ გაეხარდა, რომ ტელეფონთან შედარებით ბევრად მოსახერხებელია სამეცადინოდ და დავალებების მოსამზადებლად.
მარიამი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში სწავლობს, მისი საყვარელი საგნები ქართული, ინგლისური და ქიმიაა. თავისუფალ დროს ცეკვით ერთობა. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციის მოსაძიებლად კომპიუტერს აქტიურად გამოიყენებს.