ოქტომბერი 2023

 
 
გამარჯობა, 
მადლობა ინტერესისთვის.

ამ წერილში ოქტომბრის თავგადასავლებზე მოგიყვებით. გასულ თვეს ახალ რაიონებში დავიწყეთ მუშაობა 
—  ამჯერად უფროსკლასელებს მცხეთა-მთიანეთისა და საჩხერის სოფლებში ვესტუმრეთ. მოვიარეთ საკრეჭიო, ზარიძეები, ჩაბანო, ცივწყარო, პავლეური, ცხამი, ნიგვზარა და 29 მოსწავლე გავახარეთ კომპიუტერებით. ჩვენი დონორების მხარდაჭერით, მათ უკვე ინტერნეტიც ჩავურთეთ და ჩვენი სასარგებლო რესურსების გზამკვლევიც გავუზიარეთ.
 
აი, ასეთი შედეგი გვაქვს ამ მომენტისთვის:
გაიგეთ, ზუსტად რაში დაიხარჯა შემოწირულობა:
გამჭვირვალობის ანგარიში
🧾 ბრუნვის საბანკო ამონაწერი
 
გაიცანით ახალი მოსწავლეები თიანეთიდან, დუშეთიდან და საჩხერიდან:
ოქტომბრის ყველა ფოტო
 
 1 ოქტომბერს DevFest Georgia-ს სტუმრებს ჩვენს შესახებ მოვუყევით. 

დიდი მადლობა Google Developers Group Tbilisi-ს, რომ მოგვცა შესაძლებლობა ასეულობით ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანისთვის გაგვეცნო ,,ჩართე".
ახლა კი, ტრადიციულად ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე უნდა გაგაცნოთ.
 
ნინოს შარშან მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, ქედაში შევხვდით. როგორც თავად ამბობს, ამ წლის მანძილზე მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. თავისუფალი დროის უფრო საინტერესოდ გატარება დაიწყო, პროფესია აირჩია და მიზანიც უფრო თავდაჯერებულად დაისახა — შეფ-მზარეული უნდა გახდეს!

ინტერნეტში ცნობილი შეფ-მზარეულების ბიოგრაფიებს გაეცნო და მათ ცხოვრება შეისწავლა. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით გაიგო, რომ რთული გზა ელის, თუმცა სულაც არ შეშინდა. სჯერა, რომ თუ ადამიანს მიზანი აქვს და მის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, აუცილებლად გამოუვა. თავისი მიზნისკენ ნაბიჯიც უკვე გადადგა — კოლეჯში ჩააბარა ,,კულინარიის ხელოვნების" განხრით.

კომპიუტერი ნინოსთვის ჰობების განვითარების საშუალებაც აღმოჩნდა. ბავშვობიდან ხატავს და წიგნებს კითხულობს, ინტერნეტში კი ხატვის ვიდეოგაკვეთილები და ისეთი წიგნების ელექტრონული ვერსიები იპოვა, რომელთა ნახვასაც ,,სკოლის ბიბლიოთეკაში ვერც კი იოცნებებდა".

ნინოს წარმატებებს ვუსურვებთ და იმედი გვაქვს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ლეპტოპი დიდხანს დარჩება მის ერთგულ მეგზურად.

 
როგორ იცვლება მოსწავლეების ცხოვრება, მათივე სიტყვებით: 
მარიამი, ქედადან, 16 წლის
ინტერნეტის დახმარებით აღმოვაჩინე, რომ ენების შესწავლა ჩემი ჰობია, ამიტომ მინდა ვისწავლო ძალიან ბევრი ენა. პირველ რიგში აზიური ენები, რადგან ძალიან მომწონს აზიელები და მინდა მათი კარგად მესმოდეს. რაც კომპიუტერი მაქვს, სკოლაშიც უკეთეს ნიშნებს ვიღებ.
იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში კიდევ 200-მდე უფროსკლასელი გველოდება, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი და კომპიუტერი
თქვენც ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს:

1. შედით საიტზე https://charte.ge;
2. მიუთითეთ სასურველი ყოველთვიური შემოწირულობა;
3. დაარეგისტრირეთ საბანკო ბარათი.

მზადაა! 
ჩართეთ
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ არცერთი სიახლე! 
Facebook
Instagram
საავტორო უფლებები © ფონდი ექსესი. ყველა უფლება დაცულია.
დაგვიკავშირდით:
info@educaregeorgia.com